Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენერალური შტაბი აღარ ამბობს, რომ ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება


დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტი
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ბახმუტს კვლავ ასახელებს საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ ეპიცენტრად, თუმცა აღარ ამბობს, რომ უშუალოდ ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოხდა 26 შეტაკება. გენშტაბის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა.

ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ არც დღეს დილით და არც გასულ საღამოს გამოქვეყნებულ ოფიციალურ შეტყობინებაში აღარ არის ნათქვამი, რომ ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) თანახმად, ეს 2022 წლის დეკემბრიდან პირველი შემთხვევაა, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალებმა ქალაქ ბახმუტის სიღრმეში წინ წაიწიეს.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბახმუტის მიმართულებით რუსული ძალების წარუმატებელი შეტევის რაიონად დასახელებულია დაბა ხრომოვო, რომელიც ქალაქ ბახმუტს დასავლეთიდან ესაზღვრება.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა პეტ რაიდერმა 23 მაისს, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტში პოზიციების დაკავება არ ნიშნავს სტრატეგიულ გამარჯვებას. რაიდერის თქმით, რუსეთს ეს დაუჯდა ცოცხალი ძალის და ბრძოლისუნარიანობის დაკარგვის ფასად, მაშინ, როცა ბახმუტის გარშემო უკრაინის თავდაცვისუნარიანობა ისევ საკმაოდ მაღალია.

  • 20 მაისს, რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, ხოლო 21 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადეს, რომ არტიომოვსკის აღების ოპერაცია დასრულებულია და ქალაქი "მთლიანად გაათავისუფლეს". რუსეთი ბახმუტს არტიომოვსკად მოიხსენიებს.
  • 21 მაისს, პრეზიდენტმა პუტინმა "ვაგნერელებს" და რუსეთის არმიის სამხედროებს "მიულოცა არტიომოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულება".
  • უკრაინის ხელისუფლებას ბახმუტის დაკარგვა ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
  • რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებმა და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" 2022 წლის აგვისტოდან დაიწყეს ინტენსიური შეტევა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
  • ბახმუტი, სადაც ომის დაწყებამდე 72 000 ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად დანგრეულია.
XS
SM
MD
LG