Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა განმარტავს, რატომ ვერ მოხვდა ევროკავშირის დროშა პარლამენტის ფასადზე 26 მაისის ღონისძიების გაფორმებაში


26 მაისის ღონისძიებისთვის მორთული თბილისის ქუჩები. 2023 წელი
26 მაისის ღონისძიებისთვის მორთული თბილისის ქუჩები. 2023 წელი

წელს საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად აღარ გამოიყენეს ევროკავშირის დროშა - ევროკავშირის წევრობა, ყველა ბოლო კვლევით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია. მთავრობა მიზეზად ღონისძიების თემატიკას ასახელებს. მისი განმარტებით, 26 მაისის გზავნილი წელს არის "თავისუფლების სიყვარულით".

მედიისთვის ამის განმარტება მთავრობის ადმინისტრაციას მას შემდეგ მოუწია, რაც სოციალურ ქსელებში მოქალაქეებმა უკმაყოფილება გამოხატეს, რომ საქართველოს პარლამენტის ფასადზე წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, არ იქნება გამოფენილი ევროკავშირის დროშის გამოსახულებიანი ბანერი.

"წელს 26 მაისის გზავნილია - "თავისუფლების სიყვარულით". დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო "ევროპისკენ" , მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ განმარტებაში.

26 მაისის ღონისძიებისთვის მორთული თბილისის ქუჩები. 2022 წელი
26 მაისის ღონისძიებისთვის მორთული თბილისის ქუჩები. 2022 წელი

წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს, საქართველო ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდება. ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდნენ პრორუსული ჯგუფები, რომლებმაც ერთ-ერთ აქციაზე პარლამენტის შენობის წინ ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა და დემონსტრაციულად დაწვეს. მათ პოლიციამ ხელი ვერ შეუშალა.

ბოლო ერთ წელში საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერი არაერთი მრავალათასიანი აქცია გაიმართა, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო 7-9 მარტის პროტესტი იყო, როცა ათასობით ადამიანი ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. ხელისუფლების მოწონებული კანონპროექტის მიღების პროცესს საქართველოს პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირი, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ხელისშემშლელად აფასებდნენ. რამდენიმე დღეა, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ გაცემული ნებართვებით, აღდგა რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლაც, რასაც ასევე საფრთხედ აფასებენ საქართველოს მეგობარი ქვეყნები.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG