პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით აქცია-მსვლელობას აწყობენ. ისინი შეეცადნენ გადაადგილებას თავისუფლების მოედნისკენაც, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა, რა დროსაც ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, დააკავეს. კითხვაზე, რატომ? სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს იქვე უპასუხეს, რომ იგი "არ ემორჩილებოდა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას". მოქალაქის დაკავების მიზეზების გასარკვევად რადიო თავისუფლება შსს-სგან ელოდება პასუხს.
საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილება შეეზღუდათ აქციის მონაწილეებს და არა "დროშიან" ადამიანებს.
"თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, მოვუწოდებთ [მონაწილეებს], აქცია დაასრულონ პარლამენტის წინ. ევროკავშირის დროშით არაერთი ადამიანი მოძრაობს, აქციის მონაწილეები არ შევუშვით და არა - დროშიანი [ადამიანები]", - უთხრა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.
აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქალაქის სადღესასწაულო მორთულობაში ევროკავშირის დროშები არ გამოიყენა და საქართველოს პარლამენტის ფასადზე მხოლოდ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშების ბანერები დაკიდა.
მოქალაქეების ნაწილმა ეს გადაწყვეტილება საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟად მიიჩნია და გადაწყვიტა, ამ გზით ეჩვენებინა ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს დასავლური კურსი უალტერნატივოა.
დროშით მსვლელობის დროს აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები "საქართველო", "ევროპა".
შეკრების ორგანიზატორები არიან მოძრაობები "ტალღა" და "ჯიუტები." მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, რუსთაველის ძეგლიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.
აქციის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან მოქალაქეები, რომლებიც საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ.
დაწერეთ კომენტარი