Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მიკერძოებულია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შევუწყოთ ინსტიტუტის დაკნინებას - "ქართული ოცნება"


ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ
ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ

მმართველი პარტია "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტს "რადიკალური ოპოზიციური" ძალების მიმართ მიკერძოებაში ადანაშაულებს. პარტიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები "უარყოფითად აღიქმება და ფასდება" და "ამგვარ აღქმასა და შეფასებას აქვს მყარი ობიექტური საფუძველი".

"მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს", - წერია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს "ქართულმა ოცნებამ" მხარი დაუჭირა "იმ მოლოდინით, რომ ის სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საპარლამენტო მმართველობის სისტემაში".

"სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ...

ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან", - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საქართველომ დაიწყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მუშაობა, საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა. ერთ-ერთი ბოლო ამგვარი შემთხვევა იყო ორი დღის წინ, 27 მაისს, როცა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის გამო ის დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლამდე ფეხზე იდგა.

"არ შეიძლება, რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ - მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG