Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ხარკოვის "მიერთების" მოწოდებით გამოვიდა


ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი. მოსკოვის ოლქი, 24 იანვარი, 2023.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი. მოსკოვის ოლქი, 24 იანვარი, 2023.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ რუსეთის ამ რეგიონის დაბომბვის პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გამოსავალია მასთან ხარკოვის ოლქის „მიერთება“. ეს განცხადება მან ტელეკომპანია „როსია 1“-ის ეთერში გააკეთა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა მას ასეთი შესაძლებლობის, გლადკოვმა თქვა, რომ ეს იქნება დაბომბვის პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა.

რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს - 2022 წლის 24 თებერვალს შეუტიეს. რეგიონის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული იყო, თუმცა ქალაქ ხარკოვზე თავდასხმა ჩაიშალა. სექტემბერში, უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, რუსეთის ჯარებმა დატოვეს ხარკოვის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია.

ამ რეგიონის ანექსია არ არის უკრაინაში შეჭრის - ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ - ოფიციალურად გაცხადებულ მიზნებს შორის. თუმცა, მათ შორის არ იყო არც უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის ანექსია, რაც რუსეთმა შემოდგომაზე გამოაცხადა. მაგრამ ამ მიზნებს შორის გამოცხადდა „დონბასის მკვიდრთა დაცვა“. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ერთი წლისა და სამი თვის შემდეგ დონბასში გრძელდება ბრძოლები, მათ შორის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაბომბვა.

ბოლო ხანებში ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიიდან დაბომბვის შესახებ. თავად გლადკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ შებეკინოში. შებეკინოს დაბომბვის შესახებ ორშაბათსაც იტყობინებიან. უკრაინა, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს მსგავს ცნობებზე.

გუბერნატორმა რეგიონში ვითარებას „ფაქტობრივად ომი“ უწოდა (როგორც წესი, რუსეთის ხელისუფლება ამ სიტყვას ერიდება უკრაინაში საომარი მოქმედებების აღწერისას) და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რეგიონში მინიმუმ ხუთი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი შევიდა. ყურადღება მიიპყრო ბოლო დარბევამ გრაივორონის რაიონში, რომელიც განხორციელდა, მათი თქმით, უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი მოხალისე დანაყოფების მებრძოლების მიერ. ამ რეიდის შემდეგ გლადკოვმა თქვა, რომ ბევრი შეკითხვა აქვს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

XS
SM
MD
LG