Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა


საოკუპაციო გამყოფი ხაზი
საოკუპაციო გამყოფი ხაზი

საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ციხეში უკვე გადაიყვანეს.

ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს, 16 მაისს, პეტრიაშვილის მეგობარი, სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე, მეგობრის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და ისიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ლევან პეტრიაშვილმა ოჯახთან დაკავშირება ცხინვალის ციხიდან შეძლო და ნათესავებს აცნობა, რომ პატიმრობა შეუფარდეს. ოჯახის ახლობელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პეტრიაშვილმა ცოტაოდენი ფული და ტანსაცმელი მოითხოვა. „ოჯახის წევრებს უთხრა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. ვიდეოზარით დარეკა, გაპარსული იყო და ნორმალურად გამოიყურებოდა. მისგან გავიგეთ, რომ არჩილ ბასანიძესაც ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც გვითხრა, „საზღვრის დარღვევის" ბრალდება წაუყენეს. ოფიციალურად დედამისისთვის ჯერ არავის უცნობებია. ხვალიდან "წითელ ჯვარს" მივმართავთ დასახმარებლად“, - გვითხრა პეტრიაშვილის ოჯახის ახლობელმა.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუსი აცხადებს: „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას".

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG