Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა მოსკოვზე დრონებით შეტევაში


დრონის დარტყმით დაზიანებული ბინა მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში. 2023 წლის 30 მაისი
დრონის დარტყმით დაზიანებული ბინა მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში. 2023 წლის 30 მაისი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტერორისტულ შეტევად“ გამოაცხადა „მოსკოვის ობიექტებზე“ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში. რუსეთი „კიევის რეჟიმს“ ადანაშაულებს. უკრაინის ხელისუფლებას რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დღევანდელ შეტევაში მონაწილეობდა 8 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 5 ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირით“, 3 კი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.

ამასთან, ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ მოსკოვზე შეტევაში 25-დან 32-მდე უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. დარტყმის ადგილებს შორის დასახელებულია ატლასოვის და პროფკავშირების ქუჩები და ლენინის გამზირი.

მოსკოვის მერის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.

  • 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
  • კრემლის თანახმად, ეს იყო დაგეგმილი "ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა". რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.
XS
SM
MD
LG