Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს, უნდა გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა - ბორელი


ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი
ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მხარისგან უკვე მინიჭებული აქვს "მკაფიო" ევროპული პერსპექტივა, ახლა კი ისევ საქართველოზეა დამოკიდებული, გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა. ამის შესახებ მან მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე შესვლისას ისაუბრა.

"საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა. ერთადერთი, რეფორმებზე მუშაობა უნდა გააგრძელოს პოლიტიკური სტაბილურობის შესაქმნელად", - აღნიშნა ბორელმა ქართულ მედიასთან კომენტარში.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

დღეს, პირველ ივნისს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე სამიტი მიმდინარეობს. მასში 47 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ, მათ შორის - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

სამიტის განსახილველ საკითხებს შორისაა ერთობლივი ძალისხმევის გაწევა უკრაინის ომისა და მასთან დაკავშირებული კრიზისების კონტექსტში მშვიდობისა და დემოკრატიის დასაცავად, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროპული სახელმწიფოების მედეგობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG