Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ბელგოროდის ოლქში შეტაკებების ფაქტი


დაცხრილული ტერიტორია რუსეთის ბელგოროდის ოლქში. 2023 წლის 1 ივნისი
დაცხრილული ტერიტორია რუსეთის ბელგოროდის ოლქში. 2023 წლის 1 ივნისი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღკვეთილად გამოაცხადა ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოზე „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტის ახალი მცდელობა“.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების, სასაზღვრო სამსახურის და უშიშროების ფედერალური სამსახურის ქვედანაყოფებმა შებეკინოში შეღწევის მცდელობისას გაანადგურეს 30-ზე მეტი „უკრაინელი ტერორისტი“, 4 საბრძოლო ჯავშანმანქანა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“.

კონაშენკოვის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა „ტანკებით გაძლიერებულმა ორამდე ასეულმა“, რომელსაც „არსებითი დანაკარგით უკან დაახევინეს“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ძალებმა მოიგერიეს უკრაინის „ტერორისტული ფორმირებების“ სამი შეტევა. კონაშენკოვის ინფორმაციით, მათ პოზიციებზე ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა, ხოლო სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა შეასრულეს 77 "საცეცხლე ამოცანა".

უკრაინას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.

დღეს დილით უკრაინის მხარდამჭერმა დაჯგუფებამ, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში, დაიწყეს ოპერაციის მეორე ფაზა. რუსეთის ამ რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება იყო მაისშიც.

  • 22 მაისს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ და მისი ლიკვიდაციისთვის „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს.
  • კიევმა უარყო ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან უკრაინის თავდაცვის ძალების კავშირი.
  • ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს.
  • 23 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "განადგურებულად" გამოაცხადა ჯგუფები, რომლებმაც უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში შეაღწიეს. გაუქმდა "კონტრტერორისტული ოპერაციის" რეჟიმი.
  • 23 მაისს, "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ რუსულმა არმიამ ვერაფერი დაუპირისპირა მოხალისე პატრიოტებს, რომლებმაც ხელში იარაღი აიღეს და არ შეუშინდნენ მოსკოვის რეჟიმთან ღია დაპირისპირებას და კიდევ ერთხელ დაინგრა მითი რუსეთის ძლიერების და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების შესახებ.
XS
SM
MD
LG