Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ყირიმში მზადდება პროვოკაცია, რომელიც თურქეთსაც ემუქრება


საილუსტრაციო ფოტო. აბრა ყირიმის ქალაქ არმიანსკის შესასვლელთან
საილუსტრაციო ფოტო. აბრა ყირიმის ქალაქ არმიანსკის შესასვლელთან

რუსეთი ანექსირებულ ყირიმში ამზადებს პროვოკაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ნახევარკუნძულის, არამედ უკრაინის კიდევ 7 რეგიონის, თურქეთის და თავად რუსეთის მცხოვრებთ. ამის შესახებ საგანგებო ვიდეომიმართვისას განაცხადა უკრაინის ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა.

მისი ინფორმაციით, პროვოკაცია მზადდება ყირიმის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ არმიანსკის ქიმიურ ქარხანაში, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები შეიტანეს და ტერიტორიას ნაღმავენ. პროკუდინმა ინფორმაციის წყაროდ დაასახელა „წინააღმდეგობის ძალები“.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შესაძლო აფეთქება გამოიწვევს ატმოსფეროში ათასობით ტონა მომწამლავი ნივთიერების გაფრქვევას და უმძიმეს შედეგებს მოუტანს ადამიანებს და გარემოს. პროკუდინის თანახმად, რეაგირების მიზნით, სიტუაციაზე მუდმივ მონიტორინგს განაგრძობენ. ამ განცხადებაზე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციას რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.

ქალაქ არმიანსკში მდებარეობს ქარხანა „ყირიმის ტიტანი“, რომელიც სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის ტიტანის ოქსიდს აწარმოებს.

XS
SM
MD
LG