Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ მაქსიმ გალკინი "უცხოეთის აგენტად" დატოვა


ფოტო არქივიდან. მაქსიმ გალკინი
ფოტო არქივიდან. მაქსიმ გალკინი

მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონის სასამართლომ არ დააკმაყოფილა შოუმენ მაქსიმ გალკინის საჩივარი მისთვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მოხსნის შესახებ. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე გალკინი აგენტების რეესტრში 2022 წელს შეიყვანა.

რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა განაცხადა, რომ მაქსიმ გალკინი არ არის პოლიტიკური მოღვაწე, მისი გამოსვლები მხოლოდ პოლიტიკური სატირაა, რომლის შინაარსსაც არავინ განსაზღვრავს და არტისტის პირადი აზრი არ შეიძლება პოლიტიკური საქმიანობა იყოს. ადვოკატმა ისიც თქვა, რომ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი არღვევს გალკინის სიტყვის თავისუფლების უფლებას და დისკრიმინაციას წარმოადგენს.

თავის მხრივ, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლეს უთხრა, რომ მაქსიმ გალკინის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მასალების ანალიზი ადასტურებს მის პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც უცხოეთის გავლენის ქვეშაა. სასამართლოს სხდომაზე ნაჩვენები იყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები, რომლებშიც მაქსიმ გალკინი გმობს რუსეთის პოლიტიკას და უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. მოსამართლე იუსტიციის სამინისტროს პოზიციას დაეთანხმა და გალკინი "უცხოეთის აგენტად" დატოვა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მაქსიმ გალკინი "უცხოეთის აგენტების" რეესტრში 2022 წლის სექტემბერში შეიყვანა. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შოუმენი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ფულს უკრაინიდან იღებს. მაქსიმ გალკინის ცოლმა, რუსული პოპ-მუსიკის ვარსკვლავმა ალა პუგაჩოვამ იუსტიციის სამინისტროს მიმართა, რომ ისიც აგენტად გამოაცხადონ.

XS
SM
MD
LG