Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია SpaceX-ი განაგრძობს უკრაინის უზრუნველყოფას ინტერნეტით


კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი. 22 მარტი, 2022.
კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი. 22 მარტი, 2022.

პენტაგონმა განაცხადა, რომ მილიარდერ ილონ მასკის კომპანია SpaceX-სთან გააფორმა ხელშეკრულება უკრაინისთვის Starlink-ის ტერმინალებისა და სატელიტური საკომუნიკაციო სერვისების შესაძენად.

პენტაგონმა არ გაამჟღავნა კონტრაქტის პირობები „ოპერატიული უსაფრთხოების მიზეზებისა და ამ სისტემების კრიტიკული ხასიათის გამო“.

სატელიტური საკომუნიკაციო სისტემა Starlink-ი უკრაინელი სამხედროების მიერ გამოიყენება სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის ბრძოლის ველზე კომუნიკაციისთვის 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული.

ილონ მასკის კომპანიას 4000-ზე მეტი თანამგზავრის ქსელი აქვს დედამიწის მახლობელ დაბალ ორბიტაზე. ქსელი უკრაინას კომუნიკაციებით უზრუნველყოფდა სპეციალური ხელშეკრულების შესაბამისად და კერძო შეწირულობების ხარჯზე, იუწყება ამერიკის ხმა.

2022 წლის ოქტომბერში მასკმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია Starlink-ის უვადო დაფინანსება უკრაინაში, რადგან ამ სისტემაზე მისი ყოველთვიური ხარჯები 20 მილიონ დოლარს შეადგენს.

Starlink-ის ახალი ტერმინალები სავარაუდოდ შეძენილი იქნება უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. დეკემბერში პენტაგონმა ამ ინიციატივის ფარგლებში ახალი დაფინანსების პაკეტი გამოაცხადა.

რუსეთი შეეცადა უკრაინაში ინტერნეტსერვისების გათიშვას და დაბლოკვას, მათ შორის შეეცადა რეგიონში Starlink-ის კომუნიკაციების დაბლოკვას, მაგრამ SpaceX-მა მოიგერია მის სერვისებზე თავდასხმები მათი პროგრამული უზრუნველყოფის გაძლიერების გზით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG