Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აპროტესტებს უნგრეთის მიერ უკრაინის რუკის ყირიმის გარეშე ჩვენებას


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ივნისს უნგრეთის მთავრობასთან გააპროტესტა ოფიციალური ვიდეოჩანაწერი, რომელშიც უკრაინის რუკა ნაჩვენები იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის გარეშე.

უკრაინა საპროტესტო განცხადებაში ინციდენტს "პროვოკაციას" უწოდებს და მოითხოვს უნგრეთმა შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს წევრმა - და მხარი დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უნგრეთს, რომელმაც ვიდეოჩანაწერი 30 მაისს გამოაქვეყნა, კიევის პროტესტისთვის ჯერჯერობით არ უპასუხია.

უნგრეთის მთავრობამ მშვიდობისკენ მოწოდების სახით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც უკრაინის რუკა ანექსირებული ყირიმის გარეშეა ნაჩვენები. კადრს გარეთ ისმის ტექსტი, რომ ობლად დარჩა ათიათასობით ბავშვი, დაინგრა ასობით შენობა, 10 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია სახლ-კარი დეტოვებინა - თუმცა ომი გრძელდება და იოლად შეიძლება მსოფლიო ომში გადაიზარდოს. "საკმარისია ომი, ნგრევას მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა შეაჩერებს, ადამიანთა სიცოცხლეს მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკება გადაარჩენს", - ნათქვამია ვიდეოში.

ჩანაწერი მოიცავს ლტოლვილების და დანგრეული ნაგებობების კადრებს. გარკვეული დროის შემდეგ ვიდეოში ჩნდება უკრაინის რუკა, მაგრამ ყირიმი მის შემადგენლობაში არ არის. თუმცა უნგრეთი, ისევე, როგორც მსოფლიოს უმეტესი სახელმწიფო, არ მიიჩნევს კანონიერად ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიას.

გაურკვეველია, რას უკავშირდება ასეთი რუკის ჩვენება ვიდეოში.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მიიჩნევენ რუსეთის მიმართ თბილად განწყობილ პოლიტიკოსად. თავად ის ამას უარყოფს და ამბობს, რომ უნგრეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. თუმცა ბუდაპეშტი უარს აცხადებს კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე, ან თავისი ტერიტორიის დათმობაზე უკრაინის არმიისთვის გამიზნული იარაღის გადასატანად. უნგრეთი გამოდის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების მოწოდებითაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG