Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფიგურისტებს, დევისს და სმოლკინს, რუსეთის ფედერაციამ უფლება დართო საქართველოს გუნდში იასპარეზონ


რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ სპორტული ცეკვების დისციპლინის წყვილს, დიანა დევისს და გლებ სმოლკინს, უფლება მისცა საქართველოს გუნდში იასპარეზონ.

შეჯიბრებებში რუსეთის ფიგურისტების ახალი სტატუსით დაშვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) უნდა მიიღოს, და ეს, შესაძლოა, უკვე მომავალ კვირაში მოხდეს.

ISU-ის წესებით, სპორტული მოქალაქეობის შესაცვლელად რუსეთის ფიგურისტები ერთი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ ახალ ქვეყანაში და არ უნდა ასპარეზობდნენ რუსეთისთვის. დევისისა და სმოლკინის წყვილი რუსეთს წარმოადგენდა 2022 წელს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც მათ მე-14 ადგილი დაიკავეს. მას შემდეგ წყვილი აღარ გამოსულა რუსეთის სახელით.

დიანა დევისი არის ფიგურულ ციგურაობაში ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილი. თუთბერიძე წვრთნიდა ოლიმპიურ ჩემპიონებს იულია ლიპნიცკაიას, ალინა ზაგიტოვას, ანა შჩერბაკოვას და კამილა ვალიევას. ბოლო რვა წლის განმავლობაში რუსეთში ჩატარებულ ჩემპიონატებზე ქალთა ინდივიდუალური სრიალის დისციპლინაში ყველა გამარჯვებული თუთბერიძის საწვრთნელი ცენტრის მოწაფე იყო.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ბევრმა სპორტულმა ასოციაციამ სანქციები დააკისრეს რუსეთსა და ბელარუსს - ამ ქვეყნების სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ შეუძლიათ, ზოგიერთი კი საერთოდ არ დაიშვება.

ამის გამო, იმისთვის, რომ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ, რუსეთის ათობით სპორტსმენმა შეიცვალა მოქალაქეობა - მათ შორის არიან ევროპის სამგზის ჩემპიონი ცურვაში ანასტასია კირპიჩნიკოვა, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრ კოსტენიუკი, ბევრ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ველომრბოლელი პაველ სივაკოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG