Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის იზოლატორიდან გამოუშვეს თბილისის აქციაზე 2 ივნისს დაკავებულები


თელავის იზოლატორიდან გამოშვებული დაკავებულები და მათი უფლებადამცველები. 4 ივნისი, 2023 წელი
თელავის იზოლატორიდან გამოშვებული დაკავებულები და მათი უფლებადამცველები. 4 ივნისი, 2023 წელი

48-საათიანი პატიმრობის შემდეგ, თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოუშვეს თბილისში 2 ივნისს გამართული აქციის დროს დაკავებულები - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი, „ღია საზოგადოების ფონდის“ თანამშრომელი, უფლებადამცველი საბა ბრაჭველი და აქტივისტი ნიკა რომანაძე.

ედუარდ მარიკაშვილი
ედუარდ მარიკაშვილი

„მინდა გითხრათ, რომ ამაზე თავისუფალი არასდროს არ ვყოფილვარ აქამდე, დაკავებული თეთრი ფურცლის ხელში ჭერის გამო. ამ საქმემ ძალიან კარგად აჩვენა საქართველოს ხელისუფლების მსგავსება რუსულ რეჟიმთან, სადაც ასევე თეთრი ფურცლის გამო აკავებენ ადამიანებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ედუარდ მარიკაშვილმა, თელავის დროებითი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ.

გათავისუფლების შემდეგ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა საბა ბრაჭველმა.

საბა ბრაჭველი
საბა ბრაჭველი

„48-საათიანი დაკავების ვადა ისე გავიდა, სასამართლოში არ გაგვიყვანეს. ეს გასაგებია, მათ არ უნდათ, რომ ჩვენ საჯარო ტრიბუნაზე ვთქვათ ჩვენი სათქმელი. არა უშავს, მე დავწერ ჩემს სიტყვას, რომელიც სასამართლოზე უნდა მეთქვა და რაკი ხელისუფლება ყრუა, დაე თქვენ - საზოგადოება იყავით ჩვენი მოსამართლეც, მსაჯულიც და მართლმსაჯულებაც”, - დაწერა სოციალურ ქსელ ფეისბუქში თელავის იზოლატორიდან გამოსულმა საბა ბრაჭველმა.

ნიკა რომანაძე
ნიკა რომანაძე

გახანგრძლივებული, 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს სამოქალაქო აქტივისტი, ასევე 2 ივნისს თბილისში დაკავებული ნიკა რომანაძე.

გათავისუფლებულებს თელავის პოლიციის შენობასთან მხარდამჭერები, მათ შორის - ადვოკატები დახვდნენ.

რადიო თავისუფლება დაკავებულთა ერთ-ერთ ადვოკატს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტს, ვანო ჩიტაშვილს ესაუბრა.

„ახლა სასამართლოს გარეშე გამოუშვეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო სხდომა საერთოდ არ იქნება. საქმის მასალებს როცა შეიტანს შს სამინისტრო, ამის მერე ჩაინიშნება პროცესი. ხაზგასასმელია ის, რომ შსს-მ კანონი დაარღვია 24-საათიანი ვადის გახანგრძლივებით. წინასწარი მოთავსების იზოლატორში დამატებით 24 საათი იმ შემთხვევაში შეიძლება ამყოფო ადამიანი, თუ გჭირდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, ასე წერია კანონში, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს დამატებითი დრო გამოიყენეს არა იმისთვის, რომ რაიმე მტკიცებულება მოეპოვებინათ და მერე სასამართლოში წარედგინათ, არამედ ამ ადამიანების დროებითი მოთავსების იზოლატორში გამოკეტვისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დაკავებულთა ადვოკატმა ვანო ჩიტაშვილმა. მან განმარტა, რატომ თვლიან უკანონოდ დაკავების ვადის გახანგრძლივებას:

„ვიდეოები არის საჯარო, მათ (შსს-ს) ასევე წვდომა ჰქონდათ სამხრე კამერების ჩანაწერებზე. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა 24-საათიანი ვადა გაუხანგრძლივდებათ, თუმცა სასამართლოში არაფერი დამატებითი მტკიცებულება არ მოუტანია [შინაგან საქმეთა] სამინისტროს, რამდენიმე ფარატინა ფურცლის გარდა, რომლის ამობეჭდვასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ამიტომ, გარდა იმისა, რომ დაკავება იყო უკანონო და არ არსებობდა საფუძველი, ვადის 24 საათის გახანგრძლივებაც იყო თვითნებური და უკანონო“.

ადვოკატებს ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაინიშნება სასამართლოს სხდომა.

პარლამენტის შენობის წინ დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG