უკრაინის მხარეს მებრძოლი "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" იუწყება, რომ სრულად აკონტროლებს სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას, რომელიც მდებარეობს ბელგოროდის რეგიონის შებეკინოს რაიონში. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, იქ მოკლულია რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ანდრეი სტესევი, რომელიც ხელმძღვანელობდა ოპერატიულ ჯგუფ "ბელგოროდს".
მოხალისეთა კორპუსის მიერ სოფლის დაკავების ცნობა ორშაბათს ირიბად დაადასტურა ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა, რომელმაც თქვა, რომ სოფელში შესვლა არ შეუძლიათ რუსეთის ძალებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. გლადკოვის თქმით, ტავოლჟანკაში რჩება 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებმაც ევაკუაცია არ ისურვეს. "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" კი აცხადებს, რომ სოფელში მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის.
"რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" მანამდე ვიდეოჩანაწერით იუწყებოდა, რომ ტყვედ აიყვანა ათამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე. ტელეგრამის ორმა არხმა ტყვედ ჩავარდნილთაგან რამდენიმეს ვინაობის დადგენა შეძლო.
"რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" და "რუსეთის თავისუფლება" კვირას ბელგოროდის გუბერნატორს სთავაზობდნენ შეხვედრას, ტყვეების გადასაცემად. გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი შეხვედრას დასთანხმდა, თუმცა არა იმ ადგილას, სადაც შესთავაზეს. შეხვედრა არ შედგა. "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" აცხადებდა, რომ ტყვეებს უკრაინას გაცვლის შესაძლო ოპერაციისთვის გადასცემდა.
ორშაბათს მოხალისეთა ფორმირებების ტელეგრამის არხებზე გაჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც, როგორც აცხადებენ, ასახავს კიდევ ორი რუსი სამხედროს ტყვედ აყვანას.
კვირას "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" იუწყებოდა, რომ კვლავ აწარმოებს საომარ მოქმედებებს რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში. უცნობია, ეს სამხედროები ტყვედ ამ ოპერაციის მსვლელობისას აიყვანეს თუ არა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოჩანაწერის შესახებ განცხადებას არ აკეთებს. უწყება ადასტურებს, რომ კვირას უკრაინის ტერიტორიიდან ორი დივერსიული ჯგუფი ცდილობდა ბელგოროდის არეალში შესვლას, თუმცა ირწმუნება, რომ ჯგუფები გაანადგურეს.
საომარი მოქმედებების პირობებში არ ხერხდება მხარეთა განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება.