Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესის ნგრევა საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს


კადრი კახოვკის ჰესზე ნგრევის ამსახველი ვიდეოდან. 2023 წლის 6 ივნისი
კადრი კახოვკის ჰესზე ნგრევის ამსახველი ვიდეოდან. 2023 წლის 6 ივნისი

უკრაინის ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგური აღდგენას არ ექვემდებარება. ამის შესახებ განაცხადა ჰესის მფლობელმა კომპანია „უკრჰიდროენერგომ“. მისი ინფორმაციით, ჰესის შიგნით მდებარე სამანქანო დარბაზის აფეთქების შედეგად, სადგური მთლიანად დანგრეულია. კომპანიის სპეციალისტები განაგრძობენ ნგრევის მასშტაბის და წყლის დინების სიჩქარის და მოცულობის დაზუსტებას.

ოკუპირებული კახოვკის დე ფაქტო მერმა, ვლადიმირ ლეონტიევმაც რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ „როსია 24“-ს განუცხადა, რომ ჰესის აღდგენა შეუძლებელი იქნება და „გამარჯვების შემდეგ ხელახლა უნდა ააშენონ“.

კომპანია „უკრჰიდროენერგოს“ თანახმად, წყალსაცავში წყლის დონის უკონტროლო კლება საფრთხეს უქმნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსაც, რომელსაც უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გაგრილების სისტემისთვის წყალი კახოვკის ჰესიდან მიეწოდება.

იგივე განაცხადა უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მმართველმა სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“, თუმცა, მისი ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლქვეშაა.

რუსეთის სახელმწიფო კონცერნ „როსენერგოატომის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა რენატ კარჩაამ კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ კახოვკის ჰესის დაზიანება გავლენას არ მოახდენს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაგრილების სისტემას საფრთხე არ ემუქრება, რადგან კახოვკის საცავში წყლის დონის კლებას „სხვა ტექნიკური საშუალებებით“ აანაზღაურებენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მყოფი მისი ექსპერტები სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. სააგენტოს ინფორმაციით, ატომურ ელექტროსადგურს უშუალო საფრთხე არ ემუქრება.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.

ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

კახოვკის დე ფაქტო მერის, ვლადიმირ ლეონტიევის თანახმად, ღამის ორი საათისთვის უკრაინულმა მხარემ „ჰესზე მრავალრიცხოვანი დარტყმები განახორციელა“, რის შედეგადაც დაზიანდა ურდულები და დაიწყო საცავიდან წყლის უკონტროლო დინება.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ კახოვკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ღამით სროლა არ ყოფილა და ჩამოინგრა კაშხლის ერთ-ერთი დაზიანებული საყრდენი.

XS
SM
MD
LG