Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში პუტინის, მედვედევის, ბუშების ქუჩებს და სტალინის ჩიხს კეთილმოაწყობენ


პუტინის ქუჩა ცხინვალში
პუტინის ქუჩა ცხინვალში

მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე ცხინვალში დაგეგმილია პუტინის, მედვედევის, ბუშების, გაგარინის, მიჩურინის, იკაევის, კოზაევის, კავკასიის ქუჩებისა და სტალინის ჩიხის კეთილმოწყობა. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის მშენებლობისა და საავტომობილო გზების კომიტეტის თავმჯდომარემ ალან გაბარაევმა განაცხადა.

დმიტრი მედვედევისა და ვლადიმირ პუტინის სახელები ეწოდა მოსკოვის მერიის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალში აშენებულ „მოსკოვსკის“ მიკრორაიონში არსებულ ქუჩებს. ამასთან, 2019 წელს ვლადიმირ პუტინის სახელი მიანიჭეს ცხინვალის ერთ-ერთ მთავარ - მოსკოვის - ქუჩას. გასულ წელს რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზაც წერდა იმაზე, როგორ ცდილობდა დე ფაქტო ხელისუფლება პუტინის ქუჩის სარეაბილიტაციო სახსრების მოძიებას.

გამოცემა «Южная Осетия-ს" ინფორმაციით, ბუშების ქუჩა მეუღლეების, ბოტანიკოსების, ერმანის სამთო სტაციონარის შემქმნელების, ნიკოლაი ადოლფოვიჩისა და ელიზავეტა ალექსანდროვნას სახელს ატარებს.

კეთილმოწყობის სამუშაოებს Югосетстройинвест-ი ახორციელებს, რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით“.

პუტინისა და მედვედევის ქუჩების რეაბილიტაცია ერთდროულად მიმდინარეობს. მომავალი კვირიდან კი მიჩურინის ქუჩის რეაბილიტაციას დაიწყებენ.

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2025 წლამდე ცხინვალში 27 ქუჩის კეთილმოწყობა იგეგმება.

XS
SM
MD
LG