Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო კახოვკის ჰესის დანგრევაზე იმსჯელებს


საილუსტრაციო ფოტო: გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა.
საილუსტრაციო ფოტო: გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა.

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს საღამოს უკრაინის ინიციატივით იმსჯელებს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დანგრევის შესახებ. ამის თაობაზე გაეროში უკრაინის ელჩმა სერჰი კისლიცამ დაწერა Twitter-ში.

უკრაინა ამტკიცებს, რომ კაშხალი განზრახ ააფეთქეს რუსმა სამხედროებმა, რომელთა კონტროლქვეშაც იყო ის.

რუსეთი ირწმუნება, რომ კაშხალი უკრაინული დივერსიის შედეგად დაინგრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ ელექტროსადგური რუსეთის ჯარებს ჰქონდათ დანაღმული და მათვე ააფეთქეს ის.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას უწოდა უკრაინის მიერ განხორციელებული დივერსიის შედეგი. პრორუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კაშხალი რამდენიმეთვიანი დაბომბვის გამო დაინგრა.

მას მერე, რაც გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის ჯარებმა 6 ივნისს დილით ადრე ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ჯებირი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის გადასარჩენად - ჩართულია ყველა სამსახური, ჯარები, მთავრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრებს ასევე აცნობეს, რომ სულ მცირე 150 ტონა მანქანის ზეთი ჩაიღვარა მდინარე დნეპრში, არსებობს 300 ტონაზე მეტის გაჟონვის რისკი.

ამ დროისთვის სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG