Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი შოკირებულია კახოვკის კატასტროფაზე გაეროს და „წითელი ჯვრის" რეაქციით


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა გაერო და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ კახოვკის ჰესის ნგრევით გამოწვეულ კატასტროფაზე.

გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაერო და „წითელი ჯვარი“ უნდა იყვნენ პირველი, ვინც ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს, რადგან სწორედ ამისთვის არიან შექმნილი, თუმცა, კატასტროფის რაიონში ჯერაც არ არიან.

როგორც ზელენსკიმ თქვა, შოკირებულია, რომ უკრაინის ხელისუფლების მიმართვაზე პასუხი არ მიუღიათ და თუკი რაღაც რეაქცია მაინც იყო, მხოლოდ „ძალიან დიპლომატიური“.

ხერსონის ოლქის მცხოვრები საკუთარ სახლთან, რომელიც წყალმა დაფარა კახოვკის კაშხლის დანგრევის გამო
ხერსონის ოლქის მცხოვრები საკუთარ სახლთან, რომელიც წყალმა დაფარა კახოვკის კაშხლის დანგრევის გამო

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამაშველო ოპერაციაში „წითელი ჯვრის“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაუყოვნებლივ ჩართვის აუცილებლობაზე გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაშიც ილაპარაკა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც კიევი აკონტროლებს, სამხედროები და სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები შეძლებისდაგვარად ცდილობენ ადამიანების გადარჩენას, მაგრამ საჭიროა მასშტაბური ძალისხმევა.

ზელენსკის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ სამაშველო ოპერაცია და ხალხის დახმარება ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგან თითოეული დაღუპული ადამიანი იქნება განაჩენი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენას გადაეჩვივნენ.

უკრაინელ პოლიციელს და სამხედროს ქალაქ ხერსონის მცხოვრებნი გაჰყავთ წყლით დაფარული ტერიტორიიდან. 2023 წლის 7 ივნისი
უკრაინელ პოლიციელს და სამხედროს ქალაქ ხერსონის მცხოვრებნი გაჰყავთ წყლით დაფარული ტერიტორიიდან. 2023 წლის 7 ივნისი

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, 7 ივნისის საღამოს მონაცემებით, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქებში 2 ათასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კატასტროფული ვითარებაა და ბევრი ადამიანი წყალში ჩაძირული სახლების სახურავზეა დარჩენილი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოსგან აუცილებელია სწრაფი რეაგირება, რადგან დახმარების გარეშე ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში შესაძლოა, ბევრი ადამიანი დაიღუპოს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის და ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, გასულ 24 საათში ევაკუირებულია 300-ზე მეტი ადამიანი, სტიქიის ზონიდან გაყვანილთა საერთო რიცხვი კი, 4 000-ს აჭარბებს. ამ მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

  • 6 ივნისს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
  • კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
  • პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია".
  • ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
  • კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.
  • რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
  • როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG