უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, 11 ივნისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 36 საავიაციო და 1 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 38-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლა გრძელდება და გასულ 24 საათში 25 შეტაკება მოხდა. გენერალური შტაბი ასახელებს ლიმანის, ბახმუტის და ავდეევკის ოთხ რაიონს, სადაც, მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგის შეტევა წარუმატებელი იყო. გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა იერიში მოიგერიეს ქალაქ მარინკის რაიონში.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებითვე, ბოლო კვირაა რუსეთის საოკუპაციო ძალებს დიდი დანაკარგი აქვთ ბახმუტის მიმართულებით, საიდანაც მხოლოდ ერთ, როსტოვის ოლქში მდებარე ჰოსპიტალში ყოველდღიურად გადაჰყავთ 50-ზ მეტი დაჭრილი.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების რაიონებად ასახელებს მარინკას და ავდეევკას და აცხადებს, რომ უკრაინას დიდი დანაკარგი აქვს და რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევას ვერ ახერხებს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) საჯარო წყაროებით გავრცელებული ვიზუალური და სხვა მასალების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ 10 და 11 ივნისს, უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევის ოპერაცია ჩაატარეს ფრონტის ხაზის სულ მცირე სამ მონაკვეთზე და დონეცკის დასავლეთში არაერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის გარდა, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში, თუმცა, უკრაინის მხრიდან გარღვევაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთი ცდილობს უკრაინის წარმატების მნიშვნელობა შეამციროს და ირწმუნება, რომ უკრაინელები მოქმედებენ ე.წ. რუხ ზონებში, ანუ იმ რაიონებში, რომლებსაც რუსეთის ძალები სრულად ვერც კონტრშეტევის დაწყებამდე აკონტროლებდნენ.
დაწერეთ კომენტარი