Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება - ღარიბაშვილი


ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან შეიზღუდება 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების საქართველოში იმპორტი. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა დღეს, 12 ივნისის მთავრობის სხდომაზე.

"გადავწყვიტეთ, ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება", - თქვა ღარიბაშვილმა და განმარტა ისიც, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში შევა 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის - 2025 წლის პირველი იანვრიდან.

"ამ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი", - დაამატა პრემიერმა და აღნიშნა ისიც, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს.

ღარიბაშვილმა მოსალოდნელი რეგულაციის მიზეზად ჰაერის დაბინძურება დაასახელა:

"ქვეყანაში ორი პრობლემური დამაბინძურებელი გვაქვს: მყარი ნაწილები და აზოტის ორჟანგი. ბოლო 4 წლის გაზომვის შედეგები აჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგის ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტია... ეს პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქშია, ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება".

მანვე განაცხადა, რომ აიკრძალება საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი, რადგან "ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი".

"ბიზნესად არის გადაქცეული კატალიზატორების საკითხი. შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და აიკრძალება კატალიზატორების ქვეყნიდან გატანა", - თქვა ღარიბაშვილმა სხდომაზე.

XS
SM
MD
LG