Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაჭრეს რუსეთის გმირი ადამ დელიმხანოვი, რამზან კადიროვის უახლოესი თანამებრძოლი


ადამ დელიმხანოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უახლოეს თანამოაზრე
ადამ დელიმხანოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უახლოეს თანამოაზრე

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის უახლოეს თანამებრძოლად ითვლება, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაიჭრა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების საიტი „კავკაზ.რეალიი“ იუწყება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „ზვეზდაზე“ დაყრდნობით.

მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ სად, როდის და რა ვითარებაში დაიჭრა დელიმხანოვი და რა სახის ჭრილობა აქვს მიღებული.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი თავის ტელეგრამის არხში წერს, რომ დელიმხანოვი არ გამოდის კავშირზე. მან უკრაინის დაზვერვის სამსახურს მიმართა თხოვნით, რომ მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ „ზუსტად რომელ ადგილზე და რა პოზიციებზე განხორციელდა თავდასხმა“. ამ ინფორმაციისათვის უკრაინულ მხარეს იგი „უხვ ჯილდოს“ ჰპირდება.

მანამდე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია დელიმხანოვის ბრძოლის ველზე დაღუპვის შესახებ. ამაზე პირველი ცნობა გაავრცელა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მებრძოლმა პოლიტოლოგმა კირილ საზონოვმა. ის ირწმუნება, რომ ჩეჩენი დეპუტატი უკრაინული დანაყოფების ოპერაციის შედეგად, ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ პრიმორსკში დაიღუპა.

ადამ დელიმხანოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატია. დელიმხანოვი იმითაც არის ცნობილი, რომ სადეპუტატო მანდატს უთავსებს უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური გვარდიის, იმავე „კადიროველების“ საქმიანობის კოორდინაციას.

2022 წლის 26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადამ დელიმხანოვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.

ინფორმაცია განახლდება.

XS
SM
MD
LG