Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: უკრაინელებმა კონტრშეტევა წარმატებით განაგრძეს სულ მცირე სამი მიმართულებით


უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში, რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებულ სოფელ ნესკუჩნეში. 2023 წლის 13 ივნისი
უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში, რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებულ სოფელ ნესკუჩნეში. 2023 წლის 13 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, 14 ივნისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 38 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 52-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 49 შეტაკება მოხდა. გენერალური შტაბი ასახელებს ლიმანის, ბახმუტის და ავდეევკის რაიონების სამ დასახლებულ პუნქტს, სადაც, მისი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები წარუმატებელი იყო. გენშტაბის ცნობითვე, მოწინააღმდეგის ყველა იერიში მოიგერიეს ქალაქ მარინკის რაიონში.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) საჯარო წყაროებით გავრცელებული მასალების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ 14 ივნისს, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში კონტრშეტევა წარმატებით განაგრძეს სულ მცირე სამი მიმართულებით.

თავის მხრივ, რუსეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების შტაბი აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში მოიგერიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე შეტევა, ხოლო ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაჯგუფების შესაძლებლობა არ მისცეს.

საომარი მოქმედებების პირობებში, მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

XS
SM
MD
LG