საქართველოს განათლების სამინისტროში შექმნილია ახალი უწყება - "საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი" - რომელსაც ამავე სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს, მაია მიმინოშვილი უხელმძღვანელებს. ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიმინოშვილმა დეკლარაცია 5 ივნისს შეავსო.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, დირექტორის დანიშვნა მინისტრის უფლებამოსილებაა.
"ცენტრი უზრუნველყოფს განათლების სხვადასხვა საფეხურისთვის საკვანძო საკითხების უწყვეტი კვლევის ხელშეწყობას, შეფასებას და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს სთავაზობს სისტემურად ორგანიზებულ ცოდნას არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისა და განათლების სისტემის განვითარების/მოდერნიზაციის მხარდასაჭერად. ცენტრი სამეცნიერო კვლევებსა და საგანმანათლებლო შეფასებებზე დაფუძნებული რეკომენდაციებით უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემურ მხარდაჭერას", - წერია განათლების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებაში.
ცენტრის შექმნის შემდეგ განათლების მინისტრი შეიცვალა - მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად, გიორგი ამილახვარი დაინიშნა. ცენტრის ფუნქციებსა და შეცვლილი მინისტრის პირობებში სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ახალი უწყების დირექტორს. მაია მიმინოშვილმა საუბარი არ ისურვა.
მაია მიმინოშვილი წლების განმავლობაში იყო განათლების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი - "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა, "ქართულმა ოცნებამ" კი უკან დააბრუნა. წლების შემდეგ, 2018 წელს, მიმინოშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან კიდევ ერთხელ მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გაათავისუფლა. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ მას უნდა გადაემზადებინა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრები. მიმდინარე წლის ივნისში შევსებული დეკლარაციით კი ირკვევა, რომ 2022 წელს მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის მრჩევლად.