Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების გზებზე საუბრობს


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებულ პოზიციაზე საუბრობს. კითხვაზე, რატომ არ იწყალებს სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ის „უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული“. „როგორც პრეზიდენტი, ანგარიშს უნდა ვუწევდე იმას, რასაც გრძნობს ქართველი ხალხი“, - ამბობს იგი.

პრეზიდენტის სიტყვებით, ქართველმა ხალხმა გადაიტანა სააკაშვილის 8-9-წლიანი რეჟიმი, რომელმაც დატოვა ბევრი მსხვერპლი, რამაც გაყო საქართველოს მოსახლეობა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი ტოლერანტული და ჰუმანურია, „მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს თავისი რეჟიმის დროს ჩადენილ ზოგ დანაშაულზე, შესაძლოა, არა უშუალოდ მის მიერ, მაგრამ - მისი ხელმძღვანელობით, ასეთია ზოგადად გრძნობა. ამასთან არის შეგრძნება, რომ მას ღირსეულად უნდა მოექცნენ და უნდა მოიძებნოს გადაწყვეტა. შევნიშნავ, რომ ექსტრადიციის (უკრაინაში. რედ.) მოთხოვნა არ ყოფილა, ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, შეწყალება მორალური საკითხია, რომელზე პასუხისმგებლობაც ხალხის წინაშე მას აკისრია.

„მაგრამ მე ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ჩემი კავშირებით ევროპაში და ვცდილობ, ვიმუშაო ხელისუფლებასთან, რათა ვიპოვო გამოსავალი, რომელიც მეტად შესაბამისი იქნება იმასთან, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტს, ისინი არიან ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, მთავრობას ჯერ რეაგირება არ მოუხდენია, მათ ექსტრადირების მოთხოვნაზე სხვადასხვაგვარი რეაგირება შეუძლიათ, მაგრამ მათ უნდა მოახდინონ რეაგირება, ამ გადაწყვეტილებაზე ისინი არიან პასუხისმგებელი“.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ამას შეუძლია უკრაინა-საქართველოს მეგობრობის დარღვევა, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ - არა და რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამაზე მაღლა დგას და დარწმუნებულია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციიდან გამოსავალს მოძებნიან.

ჟურნალისტის კითხვაზე, სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიუმართავს თუ არა მისთვის პირადად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „ბევრ ადამიანს უთხოვია პირადად მისთვის“.

„მაგრამ მე მათ ავუხსენი, რომ შეწყალება ამ სიტუაციაში გამოსავალი არ არის. სახელდობრ, ქართველი ხალხის გამო. მაგრამ არსებობს სხვა გზები, და თუ არის ზეწოლა, მაშინ ზეწოლის გამოყენება უნდა მოხდეს იქ, სადაც პასუხისმგებლობაა და სადაც ძალაუფლებაა, რათა რაღაც შეიცვალოს. მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური. ეს ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია, რომელმაც უნდა იპოვოს გზები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც ხდება გარესამყაროში. ეს არ არის ახალი საკითხი, მრავალი ქვეყნის პრეზიდენტი გაუსამართლებიათ და ხანდახან ჩვენ გვესმის, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ასევე არსებობს ზოგადად მიღებული მიდგომები ამ სირთულის გადასაჭრელად და ჩვენ ვალდებული ვართ, მეტად შევესაბამებოდეთ მათ“.

რაც შეეხება ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აქ სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ერთადერთ მსგავსება ისაა, რომ პრეზიდენტი ზეწოლით ვერ შეიწყალებს, „რადგან მაშინ შეიძლება მასზე ზეწოლა მოხდეს შიგნიდან“.

„დღევანდელი მდგომარეობით, ვფიქრობ, 3 ათასი პატიმარი გვყავს, მათ ოჯახის ნებისმიერ წევრს, მეგობარს ან გავლენის ჯგუფს შეუძლია ზეწოლის დაწყება. ამდენად, ეს ჩემი გადასაწყვეტია, მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ამის შესაბამისად ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა. მაგრამ რაც ნაკლებია ზეწოლა გარედან, მით უკეთესი შეწყალებისთვის. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა სხვა საქმეა, მაგრამ შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილებები ნებისმიერ ქვეყანაში - მცირესა თუ დიდში, განურჩევლად კამპანიის მასშტაბისა - არ შეიძლება დაექვემდებაროს ზეწოლას. მე თვითონ გავხდი ამ ჟურნალისტის ძალიან არაგონივრული სიტყვების სამიზნე, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტი არ იყო: ის სხვადასხვა დროს იყო პროკურორიც და არა ის პროკურორი, რომელიც ახორციელებდა ნამდვილ მართლმსაჯულებას. თუმცა ადამიანები მხოლოდ იმაზე არიან პასუხისმგებელნი, რისთვისაც გაასამართლეს. მიმაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება, ალბათ, ერთადერთი უფლებაა, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. ახლა საქმე უზენაეს სასამართლოშია განსახილველად.

ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ერთ-ერთი ბოლო აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 27 მაისს გაიმართა. პრეზიდენტისგან ამ გადაწყვეტილების მიღება ითხოვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმაც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს - მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG