Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი გმობს ჯაფარიძესა და ბანაკში მყოფ ადამიანებზე აგრესიული ჯგუფების თავდასხმას


საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი აგრესიულ ჯგუფებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს თავს დაესხნენ "ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ბანაკში მყოფ ადამიანებს. ომბუდსმენი განცხადებით მოუწოდებს სამართალდამცავებს, ეფექტური და მყისიერი რეაგირებით გამოიძიონ არა მარტო ბანაკზე თავდასხმის, არამედ ზურა ჯაფარიძის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტიც.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. მათ შორის, იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული და გამოიკვეთოს ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებელი პირი", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ უწყება მანდატის ფარგლებში შეისწავლის ამ საკითხს.

დაახლოებით დღის 12:00 საათზე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შემდეგ ბორჯომის რაიონში, მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე ათეულობით ადამიანი იყო მობილიზებული. ამ ხალხის მხრიდან ისმოდა გინება. იმ ტერიტორიაზე ახალგაზრდული ბანაკის წევრებისთვის ამ პოლიტიკოსს ლექცია უნდა ჩაეტარებინა.

"ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" "ფეისბუკის" გვერდზე ვრცელდება ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც - ადამიანი, რომელიც ამ ამბის შესახებ ჰყვებოდა, ამბობდა, რომ მათ ესროლეს ქვები და საღებავები.

მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი და ამავდროულად მომღერალ გია გაჩეჩილაძის (იგივე "უცნობის") თანამოაზრე, ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ ბორჯომში, ბანაკში მათი მოძრაობის წევრები ჩავიდნენ. შაქარიშვილი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ ძალადობა მათი მხრიდან არ ყოფილა.

"ბორჯომის სუფთა ჰაერს ჩრდილში, თუ დაგვაცდით კარგი იქნება... არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა. ეს იყო აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ბორჯომელები, ახალციხელები, ბაკურიანელები, ჩვენი მოძრაობა "საქართველო უპირველს ყოვლისას" მხარდამჭერები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ამ ქვეყნის, ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა, მოწამლონ ახალგაზრდები..." - ამბობს ვატო შაქარიშვილი "TV პირველთან" საუბრის დროს.

უფრო ადრე, დაახლოებით დილის 10:00 საათზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ. ის ბორჯომში, ამ ბანაკში ლექციის ჩასატარებლად მიდიოდა.

ამ თავდასხმის შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთი გამავრცელებელი ვატო შაქარიშვილი იყო.

"გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება", - ამბობდა შაქარიშვილი, რომელიც არის კონსერვატიული გაერთიანების - “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ლიდერი.

XS
SM
MD
LG