გაეროს განვითარების პროგრამა უკრაინის აღსადგენად ერთი მილიარდი დოლარის აკუმულირებას მოახდენს. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.
17 ივნისს შმიგალმა კიევში უმასპინძლა პროგრამის დირექტორს, ახიმ შტაინერს.
დენის შმიგალის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საჭიროებებს, რომლებიც უკრაინის სწრაფი აღდგენის და ჰუმანიტარული დახმარებისთვისაა მნიშვნელოვანი. მხარეებმა ისაუბრეს იმ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებაც, რომლებიც ომის პერიოდში იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ საქმიანობა და ახლა კვლავ სურთ ბიზნესის აღდგენა.
გარდა ამისა, შმიგალის განცხადებით, გაერო მხარს დაუჭერს უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას.
კიევის ეკონომიკური სკოლის გათვლებით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის პირველ წელს, ქვეყნის ზარალმა შეადგინა 144 მილიარდი დოლარი.