Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობა მიუღებელია... [მაგრამ] არ შეიძლება ლანძღავდეს მეფეებს - კობახიძე ბერძენიშვილზე თავდასხმაზე


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის მორიგ შემთხვევაზე ლაპარაკისას აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია. მან კომენტარის ძირითადი ნაწილი დაუთმო იმის ახსნას, როგორ უპირისპირდება ლევან ბერძენიშვილი "ქართულ იდენტობას".

"თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, ძალადობა არის მიუღებელი. ერთი რამ მინდა გავიმეორო: არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და პირდაპირ უპირისპირდებიან იმ ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს იდენტობას - პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს.

არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება ადამიანი, თუ არ ვცდები, პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს", - თქვა ირაკლი კობახიძემ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ კომენტარში.

დღეს, 20 ივნისს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ. მისი თქმით, ახალგაზრდა კაცი მას ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ავტომობილთან მისვლაში უშლიდა ხელს, მოგვიანებით კი კვერცხი ესროლა.

„გამოვედი ლექციიდან და ავტომობილამდე არ მიმიშვა მოქალაქემ, არ ვჩერდებოდი, მაგრამ დაიწყო ერეკლეს დაცვა, დედის გინება და შემდეგ ჯიბეში კვერცხიც აღმოაჩნდა „შემთხვევით“, კვერცხი არ მომხვედრია, მანქანას მოხვდა“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ეს ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მისამართით აგრესიის გამოხატვის პირველი შემთხვევაა არაა. 15 მაისს ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო შეკრებილი მაშინ, როცა შინ უნდა დაბრუნებულიყო. მომხდარს ის მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", კრიტიკის გამო შურისძიებას უკავშირებდა.

ასე მოხდა რამდენიმე თვის წინაც, როცა მას ყვარლის "ევროკლუბის" "ამერიკულ კუთხეში" ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ადგილზე მისული იყო პოლიციაც, თუმცა ლევან ბერძენიშვილმა მაინც ვერ შეძლო მსმენელებთან შეხვედრა. მაშინ იგი კრიტიკის სამიზნე იმისთვის გახდა, რომ მეფე ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა.

XS
SM
MD
LG