Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ახალგორთან დამაკავშირებელი გზა დროებით გაიხსნა


მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტი
მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტი

ოკუპირებულ ახალგორთან დამაკავშირებელი გზა დღეს, 20 ივნისს, გაიხსნა. მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტი ყოველი თვის 20 იდან 30 რიცხვამდე პერიოდში იხსნება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უფლება ეძლევათ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავები მოინახულონ, აიღონ პენსია, ისარგებლონ სამედიცინო სერვისით. წეროვანში მცხოვრები ახალგორელი დევნილები კი პირიქით, ოკუპირებულ დაბაში ბრუნდებიან ხოლმე ნათესავების მოსანახულებლად, თუმცა გადაადგილების უფლებით ყველა ახალგორელი ჯერ ვერ სარგებლობს, რადგან სპეციალური საშვები ნელი ტემპით გაიცემა.

ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა საშვთა გაცემის ვალდებულება ჯერ ადგილობრივ ადმინისტრაციას დააკისრა, თუმცა აქ თავი იჩინა კორუფციული სქემების განვითარებამ, რაზეც ახალგორელები ხმამაღლა ალაპარაკდნენ - საშვს დაჩქარებული წესით იმ ადამიანებს აძლევდნენ, ვინც საჩუქრებს ან ფულს უხდიდა დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას. მოგვიანებით გაგლოევმა გადაწყვეტილება შეცვალა და საშვთა გაცემის ფუნქცია დე ფაქტო "კაგებეს" მიანიჭა, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა და ბოლოს პროცესში ისევ ადგილობრივი ადმინისტრაცია ჩართო. ამასობაში კი კორუფციის მასშტაბი იზრდება და ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ახალგორის ლეგიტიმურმა გამგებელმა გელა შერმადინმაც უთხრა. მისი თქმით, უსაშვოდ დარჩენილი ახალგორელები უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავენ და დაბაში საკადრო ცვლილებებს ითხოვენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა, ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას გასული წლის 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნიდა. ჯერჯერობით მისი პირობა თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება.

ამასობაში დაიკეტა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა, როკის გვირაბთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო. რამდენიმე დღეა ამ რეგიონში გადაუღებლად წვიმს, საგზაო სამსახურები კი გზას მოვარდნილი ღვარცოფისგან წმენდენ.

„ღვარცოფი ჩამოვიდა როკის გვირაბის ჩრდილო ნაწილში, ბურონთან. საგზაო სამსახურებმა გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს“, - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ეს გზა წელიწადში რამდენჯერმე კლიმატური პირობების და სტიქიის გამო იკეტება.

XS
SM
MD
LG