Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო 1 963 874 ლარის დახარჯვას გეგმავს სკოლების რეაბილიტაციაზე რეკლამაში  

გიორგი ამილახვარი, განათლების მინისტრი
გიორგი ამილახვარი, განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების სამინისტრო თითქმის 2 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს სკოლებში რეაბილიტაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების აშენების შესახებ საკომუნიკაციო/სარეკლამო კამპანიაში. სამინისტრო ამ მომსახურების შეძენას ტენდერის გარეშე აპირებს.

ამ თანხით დაგეგმილია:

  • სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნა;
  • გრაფიკული საინფორმაციო რგოლების დამზადება;
  • საიმიჯო ვიდეორგოლების დამზადება;
  • გარე რეკლამის განთავსება;
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება;
  • საკომუნიკაციო პლატფორმის (შექმნა);
  • მედიადაგეგმარება.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირების მიზნით აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ორივე მიმართულებით წარმართვა 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე. აღნიშნული კამპანია შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ცვლილებების მიმართ საზოგადოების განწყობა და მისი ინფორმირებულობა პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს მთავრობისა და განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებისა და სახელმწიფო პროგრამების შედეგებზე", - ასე ხსნის სამინისტრო ტენდერის გარეშე მომსახურების შეძენის მიზეზს.

შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილი წერილი
შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილი წერილი

შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში სამინისტრო აღნიშნავს, რომ თბილისსა და რეგიონებში მიმდინარეობს 720 სკოლის რეაბილიტაცია და 80 სკოლის მშენებლობა - პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ რადიო თავისუფლებამ 2022 და 2023 წლებში რამდენჯერმე გამოითხოვა სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია იმ სკოლების ჩამონათვალის შესახებ, რომლების რეაბილიტაცია და აშენებაც არის დაგეგმილი მომდევნო წლებში. არც ერთ შემთხვევაში სამინისტროსგან სარემონტო ან ასაშენებელი სკოლების სია არ მიგვიღია.

განათლების სამინისტროსგან მიღებული პასუხი საჯარო სკოლების აშენებისა და რეაბილიტაციის შესახებ
განათლების სამინისტროსგან მიღებული პასუხი საჯარო სკოლების აშენებისა და რეაბილიტაციის შესახებ

განათლების სამინისტრომ 1 963 874 ლარის მომსახურების გასაწევად ტენდერის გარეშე ორი კომპანია შეარჩია:

  • WINDFORS GEORGIA - კომპანია 879 547 ლარს მიიღებს, თუმცა წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებიდან მას, ჯამში, ასევე აქვს მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულებები;
  • "სტუდია მეტრო" - ახლა იგი 985 300 ლარს მიიღებს, თუმცა ასევე აქვს შესრულებული მილიონ ლარზე მეტის ღირებულების კონტრაქტები.
XS
SM
MD
LG