კინოცენტრის თანამშრომლებმა და კინოს სექტორის წარმომადგენლებმა კულტურის სამინისტროში მინისტრის სახელზე წერილი შეიტანეს. ისინი თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ და განსაზღვრავენ ვადასაც - როგორც სამინისტროსთან შეკრებილმა კინემატოგრაფისტებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, შეხვედრა უნდა შედგეს არაუგვიანეს 27 ივნისის საღამოს 6 საათისა და მის შესახებ შეხვედრამდე 2 საათით ადრე უნდა ეცნობოთ.
კინოს სექტორი სამინისტროსგან ითხოვს კინოცენტრში რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას და ახალი ხელმძღვანელის არჩევნების წესით არჩევას, პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისიის მიერ.
კინოს სექტორის მოთხოვნების ადრესატი 20 ივნისამდე იყო კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც მინისტრმა ამ პოსტზე 9 ივნისს დანიშნა. ამავე დღეს დაიწყო რეორგანიზაცია კინოცენტრში.
კობა ხუბუნაიას რეჟისორები, პროდიუსერები და კრიტიკოსები ამჯერად აღარ მიმართავენ, რადგან იგი არ გამოეხმაურა მათთან შეხვედრის შესახებ მოთხოვნას. შეხვედრის ბოლო ვადად პროტესტის მონაწილეებს 20 ივნისი ჰქონდათ განსაზღვრული.