Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო“ - ევროკავშირის საბჭო


ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე განიხილეს ასოცირებული ტრიოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე
ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე განიხილეს ასოცირებული ტრიოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე

„პროგრესის მიუხედავად, აშკარაა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო“, - ასე შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, ჯესიკა როზვალმა.

ხუთშაბათს, 22 ივნისს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეკრება, რომელზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირის გზაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი იყო, აშკარაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მკაფიო, ერთიანი გზავნილის გაგზავნა, მათ შორის შემდგომი რეფორმების საჭიროების შესახებ“, - განაცხადა მინისტრმა ჯესიკა როზვალმა დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოგვიანებით მან ასევე თქვა, რომ გარკვეულ პროგრესთან ერთად „მნიშვნელოვანია, დავინახოთ [საქართველოს] გზა ევროკავშირისაკენ“.

მინისტრმა როზვალმა უკრაინის მთავრობის მიერ ბოლო წელს გატარებულ რეფორმებს „შთამბეჭდავი“ უწოდა და თქვა, რომ „არასტანდარტული გარემოებების მიუხედავად, უკრაინამ არსებითად წაიწია წინ“.

რაც შეეხება მოლდოვას, მინისტრის თქმით, „სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობების გათვალისწინებით, მოლდოვამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“.

როზვალის განცხადებითვე, გენერალურ საქმეთა საბჭოს შემდეგი სხდომა მომდევნო კვირას გაიმართება ბრიუსელში, სადაც ჩავა მოლდოვის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ, რათა მინისტრებს გააცნოს მოლდოვის პროგრესი.

გუშინ, 21 ივნისს, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგინა ზეპირი მოხსენება, რომლითაც შეაფასა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

შეხვედრა ოთხშაბათს, 21 ივნისს, დახურულ კარს მიღმა წარიმართა. რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით:

  • მოკლე მოხსენების თანახმად, საქართველოს 12-დან სამი რეკომენდაცია „სრულად შესრულებულად“ შეუფასეს;
  • ყურადღება გაამახვილეს დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს რეფორმირების და მედიის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართულებებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე;
  • დისკუსიის მიმდინარეობისას გერმანიის, ესტონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა.
XS
SM
MD
LG