Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროებამ „ვაგნერის“ მებრძოლებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ პრიგოჟინის „ვერაგულ“ ბრძანებებს


ევგენი პრიგოჟინი, სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი
ევგენი პრიგოჟინი, სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი

რუსეთის „ეფესბეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა (PSC) გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ევგენი პრიგოჟინის განცხადებები შეფასებულია, როგორც დანაშაული და ღალატი.

"მოვუწოდებთ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს, არ დაუშვან გამოუსწორებელი შეცდომა, შეწყვიტონ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება რუსი ხალხის წინააღმდეგ, არ განახორციელონ პრიგოჟინის დანაშაულებრივი და ვერაგული ბრძანებები და მიიღონ ზომები მის დასაკავებლად", - ნათქვამია „ეფესბეს“ განცხადებაში.

პარასკევს, უფრო ადრე, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს "ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".


რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციაა.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებების შესახებ. "მიიღება საჭირო ზომები", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

რუსეთის „ეფესბემ“ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. რუსეთის გენერალურმა პროკურატურის ცნობით, ევგენი პრიგოჟინს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG