Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი გმობს ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას


საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემის საკითხს აყენებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს, ნათქვამია, რომ ომბუდსმენი გმობს ტელეწამყვანზე თავდასხმას.

„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

27 ივნისს თბილისში თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს მიშა მშვილდაძეს. შსს-მ საქმეზე გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.

27 ივნისს ცნობა გაავრცელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, რომლის თანახმად, საცხოვრებელ სახლთან სცემეს პარტიის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს.

XS
SM
MD
LG