Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობაში „გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის"


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის რანგში ბოლოჯერ გამართა კელი დეგნანმა, სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერმა ილაპარაკა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვაში ამერიკის შეერთებული შტატების როლზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მტკიცედ დგას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში.

საქართველო, ქართველი ხალხი, როგორც ამაყი და თავისუფლების მოყვარული ერი, იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა და პრინციპებს, რაც ჩვენს მტკიცე მეგობრობას განაპირობებს. ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ჩვენს მჭიდრო პარტნიორობასა და ერთიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალურ დონეზე. საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ერთად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი მიმართვის ტექსტი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში.

„მეგობრებო, ჩვენი ერის უახლესი ისტორია ჩვენი ძვირფასი თავისუფლების დასაცავად წარმოებულ ომებს მოიცავს. უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის კუთხით. მადლიერება მინდა გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის იდეის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ჩვენი ძვირფასი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით, შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველო და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მისწრაფებები", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაში.

პრემიერმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მთავრობის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერისთვის. როგორც მან აღნიშნა, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნების მიღწევაში და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ერებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოში ელჩ კელი დეგნანის საქმიანობა.

„მეგობრებო, ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში!" - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: „ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“

ელჩ კელი დეგნანის წინააღმდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფითი გამონათქვამებით გამოირჩევიან. ისინი მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 2022 წლის 27 ივლისს გავრცელებული წერილით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, 21 მარტს, აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

დეპუტატებმა, რომლებმაც „ქართული ოცნება" დატოვეს, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რჩებიან, არაერთი განცხადება გააკეთეს კელი დეგნანის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს საყვედურის შინაარსით წერილი მისწერა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის. მანამდე კი კელი დეგნანმა განაცხადა, რომ 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი.

გასული წლის 15 ივნისს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, სთხოვეს აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კომენტარის შეფასება - რატომ უწოდა მან რუსული დეზინფორმაცია განცხადებებს იმის შესახებ, რომ „აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი“. როგორც კობახიძემ განაცხადა, თუ ეს რუსული დეზინფორმაციაა, მაშინ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები უნდა გაემიჯნონ მათ მიერ გაკეთებულ იმგვარ განცხადებებს, რომლებიც ექსპერტთა ნაწილს ანალიზის საფუძველზე უჩენს ლოგიკურ აზრს, რომ დასავლეთია ჩართული "მეორე ფრონტის" პროპაგანდაში.

XS
SM
MD
LG