Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: აქეთ ვეხმარებით ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის გადაზიდვები


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ სანქციების კოორდინატორების ვიზიტისას არ დადასტურდა არცერთი ფაქტი, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარა.

"ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები", - თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას და განმარტა, რომ საქართველოს საზღვართან სანქცირებული პროდუქციის გადატანის მცდელობის ათასზე მეტი შემთხვევა იყო.

"ჩვენ ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1300-მდე შემთხვევა აქვს იდენთიფიცირებული ფინანსთა სამინისტროს. ჩვენ ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, ევროპელ სახელმწიფოებს, რომ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა სანქცირებული პროდუქცია... არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს", - თქვა მან.

თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი, ასევე სანქციების კოორდინატორები დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ჯეიმს ო'ბრაიენი და კუმარ აიერი. 28 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განმარტეს, რომ მათი მიზანია, კონკრეტული ელექტროსაქონელი არ მოხვდეს რუსეთში.

"ამ კონკრეტული ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ის 38 დასახელების ელექტროსაქონელი და ჩვენ ახლა ამ 38 ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ვართ ჩამოსული", - თქვა კუმარ აიერმა.

მან განაცხადა, რომ ამ თემაზე სალაპარაკოდ მხოლოდ საქართველოს არ სწვევიან. „კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ამაზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, აქედან მივემგზავრებით სომხეთში. ჩვენი ერთობლივი ჯგუფი 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ, როგორც ვმუშაობთ ამაზე, როგორც ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, რას ვუყურებთ, რა კონკრეტული მეთოდიკა გვაქვს შემუშავებული. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე. ფოკუსიც სწორედ ეს იყო და ვაპირებთ, ასე გავაგრძელოთ", - თქვა მან.

საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვები არ დაუწესებია, თუმცა აცხადებს, რომ იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამასთან, პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი სანქცირებულ საქონელს შესაძლოა, საქართველოს გავლით იღებდეს.

XS
SM
MD
LG