Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთსა და არაღიარებულ მთიან ყარაბაღს შორის საფეხბურთო მატჩი გადაიდო


ფოტო არქივიდან.
ფოტო არქივიდან.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკას შორის დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი გადაიდო. თამაში 10 ივლისს სოხუმში უნდა გამართულიყო. ცნობას ავრცელებს არაღიარებული რეგიონების „საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია“ (ConIFA). ConIFA-ს არ ცნობენ FIFA და UEFA.

გადაწყვეტილება დაკავშირებულია „არასტაბილურ ვითარებასთან“, რის გამოც ყარაბაღის გუნდი დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებს.

მანამდე ყარაბაღის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მგერ ავანესიანმა თქვა, რომ მატჩის ჩატარებას შესაძლოა, ხელი შეუშალოს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ.

23 აპრილს აზერბაიჯანმა ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა ლაჩინის გზის დასაწყისში. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.

ConIFA-ში ამბობენ, რომ მატჩის ჩატარების ახალი თარიღი შეთანხმებული იქნება აფხაზეთის „ფედერაციასთან“. ის უნდა გაიმართოს არაღიარებული სახელმწიფოების „მსოფლიო ჩემპიონატის“ შესარჩევი ციკლის ფარგლებში. ტურნირი 2024 წელს ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონში ჩატარდება. შესარჩევი ეტაპი 2023 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რეგულარულად მონაწილეობენ ConIFA-ს ტურნირებში. აფხაზეთის „ნაკრები“ 2016 წელს სოხუმში გამართული „არაღიარებული სახელმწიფოების“ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

XS
SM
MD
LG