Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში მიტოვებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 300 კარავი განლაგდა


საველე ბანაკი ბელარუსში, სამხედრო ნაწილ #61732-ის ტერიტორიაზე სოფელ ცელთან, მოგილიოვის ოლქში. 30 ივნისი, 2023 წელი
საველე ბანაკი ბელარუსში, სამხედრო ნაწილ #61732-ის ტერიტორიაზე სოფელ ცელთან, მოგილიოვის ოლქში. 30 ივნისი, 2023 წელი

ბელარუსის მოგილიოვის ოლქში, ასიპოვიჩის რაიონში, სოფელ ცელთან რამდენიმე დღეში ააგეს კარვების ბანაკი. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური, რომელმაც შეისწავლა სატელიტური ფოტოები. ჟურნალისტების თანახმად, ბანაკი განთავსებულია მიტოვებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

ჯერ კიდევ 17 ივნისს, გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, კარვების კვალი იქ არ იყო. ხოლო 30 ივლისს გადაღებულ ფოტოებზე მოჩანს ათეულობით მართკუთხა ობიექტი. ისინი ჩანს სამხედრო ნაწილის შენობებს შორის და საველე კარვებს ჩამოჰგავს.

ამასთან, ტერიტორიაზე არ შეინიშნება სამხედრო ტექნიკა.

სულ, მკვლევრებმა დათვალეს 303 კარავი. მათი აზრით, თითოეულში შეიძლება მოთავსდეს 20-დან 50-მდე ადამიანი. თავისი ზომით ბანაკი აღემატება ბელარუსის სხვა საველე ქალაქებს, სადაც რუსეთში მობილიზაციის დროს შეკრებილ პირებს ამზადებენ, იტყობინებიან ბელარუსი ჟურნალისტები.

ახალი ბანაკის დანიშნულების გარშემო მინსკს არაფერი განუცხადებია. ადრე გამოცემა verstka იტყობინებოდა, რომ ასიპოვიჩის მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში, აპირებენ „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრების განთავსებას. მათი ნაწილი, წარუმატებელი ამბოხების შემდეგ, ბელარუსის მმართველთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან შეთანხმებით, ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიდა.

თვითონ ლუკაშენკამ 28 ივნისს განაცხადა, რომ ბელარუსში იმყოფება „ვაგნერის“ დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი. როგორც მან თქვა, დაქირავებულები იქ ყოფნის ხარჯებს თვითონ დაფარავდნენ.

ლუკაშენკომ მაშინ განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლება აპირებს „ვაგნერს“ გამოუყოს მიტოვებული სამხედრო ნაწილის ტერიტორია, სადაც შეიძლება დაიდგას კარვები, მაგრამ ბანაკის მშენებლობა ჯერ არ იყო დაწყებული.

30 ივნისს, ტელეგრამის არხმა „პულ პერვოვომ“ გაავრცელა ლუკაშენკას ნათქვამი, რომ სამხედრო რუკებზე მან დაამტკიცა არამეგობრულ ქვეყნებში გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების ადგილსამყოფელი. არხს აკავშირებენ ლუკაშენკას პრესსამსახურთან.

ლუკაშენკას ეს განცხადება გავრცელდა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ინფორმაციის ფონზე.

XS
SM
MD
LG