Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე მოითხოვს დაკავებული 7 მოქალაქის უპირობო გათავისუფლებას


ირაკლი ანთაძე. ერგნეთი. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის წინ
ირაკლი ანთაძე. ერგნეთი. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის წინ

ერგნეთში იმართება 113-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში. როგორც შეხვედრის დაწყების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ უთხრა ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს, დაისმება ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი.

ასევე განიხილება წინა შეხვედრიდან (27 აპრილი) დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი“, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევების ჩათვლით, ასევე - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების გაუმჯობესების საკითხი.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში 27 აპრილიდან, ანუ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ჩატარებული 112-ე შეხვედრის შემდეგ, ე.წ. ბორდერიზაციის 4 შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, ირაკლი ანთაძე შეხვდა ცხინვალში დაკავებული ლევან პეტრიაშვილის დედას. პეტრიაშვილის სასამართლო ცხინვალში 27 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. დაკავებულის დედას, ალა დოიჯაშვილს, ირაკლი ანთაძე შეხვედრის დასრულების შემდეგ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას შეჰპირდა. ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 14 მაისს დააკავეს.

რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად, ირაკლი ანთაძე გამოეხმაურა ასევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას, ქართული დრონების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ნებართვაზე. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამ „ფაქტის სერიოზულად შეფასება არის შეუძლებელი“.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილური გარემოს შენარჩუნებაზე და ამგვარი ქმედებები ნაკლებად უწყობს ხელს სტაბილურობის შენარჩუნებას“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG