Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვზე დრონებით შეტევის მცდელობა იყო


საილუსტრაციო ფოტო. 30 მაისს დრონით დაზიანებული ბინა მოსკოვში
საილუსტრაციო ფოტო. 30 მაისს დრონით დაზიანებული ბინა მოსკოვში

მოსკოვის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ დღეს დილით იუწყებიან კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები.

„რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა სამხედროებმა დრონები გაანადგურეს დასახლება ვალუევოს მინდორში, არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა. ვალუევო მოსკოვის ადმინისტრაციულ საზღვრებშია 2012 წლიდან. რუსეთის დედაქალაქისთვის ამ პერიოდიდან შეერთებულ ტერიტორიებს „ახალ მოსკოვს" უწოდებენ.

სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვისკენ სხვადასხვა დროს მიემართებოდა 3 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 2 „ახალ მოსკოვში", დასახლება ვალუევოში ჩამოაგდეს, 1 კი - კალუგის ოლქში. სააგენტოს წყაროს თანახმად, ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა მოსკოვთან მდებარე დაბა კუბინკაში.

ეს არ არის მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის პირველი შემთხვევა.

  • 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოყრისა და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.
  • 30 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვზე იყო შეტევა 8 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 5 ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირით“, 3 კი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. მოსკოვის მერიის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები და სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.
  • 21 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთილია" მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტერორისტული შეტევის“ მცდელობა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად, სამივე დრონმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
XS
SM
MD
LG