რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერმა მომღერალმა გრიგორი ლეპსმა (ლეფსვერიძე) გამოაცხადა, რომ 1 მილიონი რუბლი გადაუხადა რუს სამხედროს, რომელმაც უკრაინის არმიას გაუნადგურა ტანკი „ლეოპარდი“.
ლეპსმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სიტყვა შეასრულა და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსი სამხედრო ფულის მიღებას ადასტურებს და მადლობას უხდის. მანამდე ლეპსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტანკის განადგურება დაუდასტურეს მეგობრებმა „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“.
სანდო წყაროებით გადაუმოწმებელია როგორც გერმანული „ლეოპარდის“, ისე ლეპსის მიერ მილიონის გადახდის ფაქტები.
უკრაინის არმიისთვის დასავლეთის სახელმწიფოების მიერ გადაცემული საბრძოლო ტექნიკის განადგურებისთვის რუსი სამხედროების დაჯილდოების ინიციატივა 2023 წლის ივნისში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოთქვა ჯგუფ „ზემლიანეს“ დამფუძნებელმა ვლადიმირ კისილიოვმა. მას მხარი დაუჭირეს კრემლის მომხრე სხვა მომღერლებმაც, მათ შორის ლეპსმა.