Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა მოსკოვზე დრონებით შეტევაში


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობა მოსკოვში
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობა მოსკოვში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტერორისტული აქტის“ მცდელობად გამოაცხადა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „დღეს დილით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა შეტევა ობიექტებზე მოსკოვის ოლქსა და ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე“. ეს ობიექტები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა, კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოებით გავრცელებული ცნობების მიხედვით, მათ შორისაა მოსკოვის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 4 „უკრაინული“ დრონი გაანადგურეს ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე, 1 კი, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ის ჩამოვარდა მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე. მოსკოვში ირწმუნებიან, რომ არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უკრაინა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

დღეს დილით, რუსულმა სააგენტოებმა „რია ნოვოსტიმ“ და „ტასმა“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით დაწერეს, რომ 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ვალუევოს ტერიტორიაზე. ვალუევო მოსკოვის ადმინისტრაციულ საზღვრებშია 2012 წლიდან. რუსეთის დედაქალაქისთვის ამ პერიოდიდან შეერთებულ ტერიტორიებს ახალ მოსკოვს უწოდებენ.

მოგვიანებით, ამავე სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა მოსკოვის ოლქის დაბა კუბინკაში მდებარე სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო, რამდენიმე საათით დახურული იყო მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი.

ეს არ არის მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის პირველი შემთხვევა.

  • 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოყრისა და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.
  • 30 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვზე იყო შეტევა 8 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 5 ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირით“, 3 კი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. მოსკოვის მერიის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები და სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.
  • 21 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთილია" მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტერორისტული შეტევის“ მცდელობა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად, სამივე დრონმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
XS
SM
MD
LG