Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატელიტური ფოტოები მოწმობს ბელარუსში რუსეთის ჯარების მოსამზადებელი სამი უდიდესი ბანაკის ლიკვიდაციას


ობუზ-ლესნოვსკის სასწავლო მოედანი ბარანავიჩის მახლობლად. 4 ივლისი, 2023.
ობუზ-ლესნოვსკის სასწავლო მოედანი ბარანავიჩის მახლობლად. 4 ივლისი, 2023.

კომპანია Planet Labs-ის სატელიტურმა ფოტოებმა დააფიქსირა კარვების ბანაკის ლიკვიდაცია ბელარუსის სამი ძირითადი საწვრთნელი პოლიგონის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის მობილიზებული ჯარისკაცები გადიოდნენ მომზადებას. უცნობია, პოლიგონებს სხვა ადგილებზე გადაიტანენ თუ ისინი სხვა მიზნისთვის იქნება გამოყენებული.

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იტყობინება, სავარაუდოდ რუსეთის მობილიზებული ჯარისკაცების მომზადებისთვის განკუთვნილი სამი უმსხვილესი ბანაკის ლიკვიდაცია დაიწყო თითქმის ერთდროულად - 3 ივლისს, ბელარუსის დამოუკიდებლობის სახელმწიფო დღესასწაულზე.

პრაქტიკულად თითქმის იმავე დროს ოსიპოვიცკის რაიონის სოფელ ცელში დაიწყო კარვების ბანაკის მშენებლობა, რომელიც, ზოგიერთი ინფორმაციით, შესაძლოა დაკავშირებულია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ბელარუსში ჩასვლასთან. დღეს ეს არის ყველაზე დიდი ბანაკი ბელარუსის ტერიტორიაზე. იგი შედგება მინიმუმ 303 სამხედრო კარვისგან, რომლებიც, სხვადასხვა შეფასებით, 15000-მდე ადამიანს იტევს.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის პირველ ეტაპზე რუსეთი ბელარუსის ტერიტორიას იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის. თავად ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტში არ ჩართულან.

2023 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ ბელარუსში განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს მინსკისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას. 16 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსშია.

ივნისის ბოლოს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ მოწყობილი შეიარაღებული ამბოხების შეწყვეტის შემდეგ კრემლმა გამოაცხადა, რომ ვაგნერელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შეწყდება და რომ „ვაგნერი“ ბელარუსში გადაინაცვლებს.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა 5 ივლისს, ბელარუსში შეიმჩნევა „ვაგნერის“ მიღებისთვის მზადება, თუმცა დაქირავებულ მებრძოლთაგან ჯერჯერობით ბევრი არ არის იქ ჩასული.

XS
SM
MD
LG