Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილის თქმით, პოლიციამ „სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება“ ჩაშლილ „პრაიდ ფესტივალზე“


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პოლიციამ „სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება“ ლისის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალი“ ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს.

„პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება როგორც მონაწილეების, ასევე, როგორც ვიცი, ჟურნალისტების მიმართაც იყო გამოხატული აგრესია, მაგრამ პოლიცია ჩაერია და უზრუნველყო ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება“, - თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ „თავისთავად“ დაგმო ძალადობა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ.

„პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავის ამოცანებს თავი“, - თქვა მან.

პაპუაშვილის თქმით, აგრესიის გამოვლენა პრობლემაა, თუმცა პოლიციის შესაძლებლობებს „თავისი ზღვარი აქვს“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ანტიდასავლური მოძალადე ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით „პრაიდ ფესტივალის“ ძალადობრივად ჩაშლა და ამ ტერიტორიაზე ინვენტარის დარბევა შეადარა მარტში, „უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული სტილის კანონპროექტის საწინააღმდეგო, პროდასავლურ დემონსტრაციას.

„სხვა შემთხვევაშიც ვხედავდით, რომ როდესაც აგრესიულია ესა თუ ის აქცია, ამასაც თავისი ლიმიტები აქვს. მათ შორის, ვნახეთ ჩვენ, პარლამენტის შენობა იყო დაზიანებული აგრესიული აქციის მიერ“, - თქვა მან.

„თბილისი პრაიდი“ პრაიდკვირეულის მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებდა, რომ უწყება უსაფრთხოების მყარ გარანტიებს დაჰპირდა მათ. თუმცა 8 ივლისს, პრაიდფესტივალის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციისა თუ სპეცრაზმის მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, შეაღწია ფესტივალის ტერიტორიაზე. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გამოიყვანა. მოძალადეებმა დახიეს ცისარტყელას დროშა და დაარბიეს ინვენტარი. ფესტივალი ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG