Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პოლიციამ მოძალადეები მოაცილა, ჩვენ კი გამოგვაძევა" - ანა სუბელიანი ევაკუაციას იხსენებს


ანა სუბელიანი, თბილისი პრაიდის კვირეული, 2021 წელი
ანა სუბელიანი, თბილისი პრაიდის კვირეული, 2021 წელი

ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” თანადირექტორი, ანა სუბელიანი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, როგორ გამოიყვანა პოლიციამ "პრაიდ ფესტივალის" ორგანიზატორები და მოხალისეები "ლისი ვანდერლენდის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც დახურული ღონისძიება უნდა გამართულიყო, რის შემდეგაც ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფმა ადგილის დაკავება თავისუფლად შეძლეს.

"იმდენად აბსურდული სპექტაკლი დაიდგა, ვერც გავიაზრეთ. ხელოვნური ქაოსი შექმნეს", - ამბობს ანა სუბელიანი და ამატებს, რომ პოლიციამ მათ კარამდე მიაცილა ძალადობრივი ჯგუფი, საშუალება მისცა ფესტივალის ტერიტორიაზე შესულიყვნენ, ორგანიზატორებს კი ადგილი სწრაფად დაატოვებინეს.

"მე არ დამინახავს, მაგრამ თანამშრომელმა შეამჩნია, როგორ შემოჰყავდათ ეს ხალხი ალტერნატიული შემოსასვლელებიდან, ხელით ანიშნებდნენ: "მოდით მოდით"-ო.

რამდენიმე წუთით ადრე, გაეროს წარმომადგენელთან ერთად დაგველაპარაკნენ, გვკითხეს, რამდენი ადამიანი ვიყავით. როცა ვუთხარით რაოდენობა, სავარაუდოდ, გონებაში გადათვალეს, რამდენად ვეტეოდით თავიანთ სამარშრუტო ტაქსებში, მაშინ ძალიან მშვიდად იყვნენ. როდესაც დარწმუნდნენ, რომ ვეტეოდით, მაშინვე ატეხეს ჩოჩქოლი, იმათმაც [ძალადობრივმა ჯგუფებმა] ღრიალს მოუმატეს და [პოლიციელებმა] თქვეს: "უნდა გავიდეთ, ევაკუაცია სასწრაფოდ". ასე გვაიძულეს, ჩავმსხდარიყავით სამარშრუტო ტაქსებში და წამოვსულიყავით. ფაქტობრივად, პოლიციამ პირდაპირ მოაცილა მოძალადეები ჩვენს კარამდე, ჩვენ კი გამოგვაძევა", - იხსენებს ანა და ამბობს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე დილიდან, დაახლოებით, 60 ადამიანი იყო, მათ შორის, მოხალისეები და ერთი ბენდი, რომელიც "საუნდჩექს" გადიოდა. მისივე თქმით, მათგან რამდენიმე ჯგუფმა თავიანთი მანქანით მოახერხა ადგილის დატოვება, დანარჩენები კი 3 სამარშრუტო ტაქსში გადაანაწილეს.

ანა სუბელიანი, ასევე ჰყვება, რომ ევაკუაციის შემდეგ, მგზავრობისას პოლიციის ეკიპაჟი შეეცადა, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოესვა ისინი, თუმცა ამის გაპროტესტების შემდეგ გზა გააგრძელეს:

"გზაში თან ამ ემოციებს ვცვლით, თან განცხადებას ვამზადებთ, თან ვცდილობთ, ხალხს ხმა მივაწვდინოთ, არ ამოვიდნენ... წინ მიგვიძღვებოდა პატრულის ეკიპაჟი, ის გაჩერდა, გააჩერა სამარშრუტო ტაქსი და ისეთ ადგილზე, სადაც არც დასახლება, არც ტაქსის გამოძახების შესაძლებლობა არ იყო, [მძღოლს] უთხრა: "აქ ჩამოსვი ეს ხალხი"-ო. იქ ისეთი ჩხუბი, ისტერიკა და ლანძღვა ავტეხეთ, იძულებულები გახდნენ გაეგრძელებინათ გზა და მიგვიყვანეს უსაფრთხო ადგილამდე".

"ბოლო წუთამდე გვიქმნიდნენ განცდას, რომ ყველაფერი რიგზეა"

"თბილისი პრაიდის" თანადირექტორი, ასევე გვეუბნება, რომ ფესტივალის დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაციის დროს, პოლიციას ისინი საფრთხის მოახლოვების შესახებ არ გაუფრთხილებია:

"გვეუბნებოდნენ, რომ აკონტროლებენ ყველაფერს. თურმე, ამაში იგულისხმებოდა ის, რომ კარამდე მოჰყავდათ ეს ადამიანები, ველური ბრბო, რომელიც გავეშებული შევარდა ტერიტორიაზე. არავინ გაუწიათ წინააღმდეგობა, ამის კადრებიც არსებობს. მათ შორის ის [არსებობს] კადრი, რობოკოპებში გამოწყობილი ადამიანი და ალტ-ინფოს ერთ-ერთი მოძალადე როგორ ეხუტებიან ერთმანეთს და ულოცავენ სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებას".

"ძალიან დიდი ზიანია"

ჰომოფობიურად განწყობილმა ძალადობრივმა ჯგუფმა ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებული ნივთების ნაწილი დააზიანა. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, როგორ მოძრაობენ ტერიტორიაზე ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებისათვის განკუთვნილი ნივთებითა და გამაგრილებელი სასმელებით.

ანა სუბელიანს ჯერჯერობით უჭირს ზარალის ოდენობის დასახელება თუმცა, ამბობს, რომ ზიანი დიდია და საჭიროა მისი აღწერა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, გადარჩა სცენა და აპარატურა. თუმცა "ვენდორების" ქონება, ბარებში, საკვებ ობიექტებზე რაც იყო, სხვადასხვა კუთხეები, დაზიანებულია. ასევე, დაწვეს უკრაინის დროშა.

დაზიანებულია Open Air-ის გარკვეული ინფრასტრუქტურა, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და ნელ-ნელა ესეც ცნობილი გახდება.

ვიცი, რომ ბარებიდან, სავსე მაცივრებიდან ალკოჰოლი ლამის თავზე ისხეს. ძალიან სასაცილო კადრებია - კუნთმაგარი ქართველი ვაჟკაცები ვარდისფერი ტანსაცმლის გამო რომ გებრძვიან და იოგას ვარდისფერ ხალიჩებს რომ იპარავენ", - ამბობს ანა სუბელიანი და ამატებს, რომ ფესტივალზე იგეგმებოდა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის იოგას აქტივობა და ხალიჩები სწორედ ამისთვის იყო გამზადებული: "დასასხდომად და ატმოსფერის შესაქმნელად გვჭირდებოდა, ჯერ გახსნილიც არ იყო".

მისივე თქმით, ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ, რათა ეს ზიანი აანაზღაურებინონ, "მათ შორის სახელმწიფოს".

"ეს არაა დაცვა, ეს არაა ის, რასაც ისინი გვპირდებოდნენ"

სუბელიანი, ასევე იხსენებს ბოლო დღეებში შსს-სთან მოლაპარაკების პროცესს და ამბობს, რომ შს მინისტრის მოადგილე და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ორგანიზატორებს არწმუნებდნენ, რომ შეძლებდნენ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარებას:

"ყველა დეტალი შეთანხმებული იყო, მათ შორის ტერიტორია, რაზეც პირდაპირ ვეკითხებოდით აზრს, რამდენად ადვილი დასაცავი იყო. გვეუბნებოდნენ, რომ ეს ტერიტორია ბევრად ადვილი დასაცავია, ვიდრე ის, სადაც შარშან ჩავატარეთ.

წელს ყველანაირად გვარწმუნებდნენ, რომ მათი პოლიტიკური არჩევანი იყო, დახურულ ღონისძიებებს ისე მშვიდად ჩაევლო, როგორც შარშან. ხშირად ახსენებდნენ ამას [ევროკომისიის] 12 რეკომენდაციის თვალსაზრისითაც, რომ ეს იქნებოდა ჩვენი ღირსების საკითხი. რომ ვიხსენებ [შს მინისტრის მოადგილე] ალექსანდრე დარახველიძე, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსთან, გიორგი ოსაძესთან ერთად და ლამის შვილებს იფიცებოდნენ... ეს არაა დაცვა, ეს არაა ის, რასაც ისინი გვპირდებოდნენ".

დაიწყო თუ არა გამოძიება სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, ამ საკითხზე რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.

დღეს, 8 ივლისს, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, ანტილგბტ აქციის იმ მონაწილეებმა დაიკავეს, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებდნენ.

მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, შევიდნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დაარბიეს. პოლიციას ისინი არ შეუჩერებია - პასუხად შსს-მ განაცხადა, რომ "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, რომელთა შეჩერება გაშლილ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო".

ჩაშლილი „პრაიდ ფესტივალის“ ორგანიზატორების აზრით, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა.

XS
SM
MD
LG