Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის მოქმედი პრეზიდენტი გამოცხადდა ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებულად


უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი

უზბეკეთის პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა გაიმარჯვა. ამის შესახებ დღეს, 10 ივლისს, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, მირზიოევს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 87,05%-მა. 9 ივლისს ჩატარებულ არჩევნებში აქტივობა 79,88% იყო.

უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2023 წლის 30 აპრილს ჩატარდა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ოფიციალური შედეგებით, რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოებას და ვადის გაზრდას 5-დან 7 წლამდე. საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, შავკატ მირზიოევს, რომელიც 2016 წლიდან უზბეკეთის პრეზიდენტია, კენჭისყრის შესაძლებლობა კიდევ ორჯერ მიეცა. თუ ის მონაწილეობას მიიღებს 2030 წლის არჩევნებშიც და გაიმარჯვებს, ქვეყნის მართვას 2037 წლამდე გააგრძელებს. 24 ივლისს მირზიოევს 65 წელი უსრულდება. თეორიულად მას უზბეკეთის მართვა შეუძლია 80 წლის ასაკამდე.

უზბეკეთში, სადაც მედიას ხელისუფლება აკონტროლებს და ადამიანის უფლებები დაუცველია, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს რეალური ოპოზიციის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG