Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა დაადასტურა პუტინის და პრიგოჟინის შეხვედრა


ევგენი პრიგოჟინი დონის როსტოვში. 2023 წლის 24 ივნისი
ევგენი პრიგოჟინი დონის როსტოვში. 2023 წლის 24 ივნისი

კრემლმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამბოხების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში შეხვდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს. ინფორმაცია მათი შეხვედრის შესახებ პირველმა გაავრცელა ფრანგულმა გამოცემა Libération-მა.

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 10 ივლისს, მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს შეხვედრა კრემლში 29 ივნისს გაიმართა. პესკოვის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პუტინმა მიიწვია „ვაგნერის“ რაზმების 35 მეთაური და კომპანიის ხელმძღვანელები, მათ შორის პრიგოჟინი.

კრემლის პრესმდივნის თანახმად, შეხვედრაზე, რომელიც თითქმის სამ საათს გაგრძელდა, რუსეთის პრეზიდენტმა შეაფასა უკრაინაში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობისას კომპანიის ქმედებები და 24 ივნისის მოვლენები, „ვაგნერის“ მეთაურთა განმარტებები მოისმინა და შესთავაზა „შემდგომი დასაქმების და საბრძოლო გამოყენების ვარიანტები“. პესკოვის განცხადებით, „ვაგნერის“ მეთაურებმა ხაზი გაუსვეს, რომ სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის (პუტინის) „მტკიცე მხარდამჭერები და ჯარისკაცები არიან და მზად არიან სამშობლოსთვის ისევ იბრძოლონ".

  • ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
  • 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.
  • 24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
  • 27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას გამოადგება.
  • 6 ივლისს ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრიგოჟინი რუსეთშია.
XS
SM
MD
LG