Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიანსი, სავარაუდოდ, კვლავ დაადასტურებს ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას


ნატოს სამიტის პრესცენტრი
ნატოს სამიტის პრესცენტრი

/ვილნიუსი/ 11 ივლისს ვილნიუსში მუშაობას შეუდგა ნატოს სამიტი, რომელიც, სავარაუდოდ, კვლავ დაადასტურებს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულებას პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ამის შესახებ საუბარია ნატოს ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების დასკვნით კომუნიკეში, რომლის პროექტსაც რადიო თავისუფლება გამოქვეყნებამდე გაეცნო.

„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო პროგრამით (MAP), რაც პროცესის თანმიმდევრულ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული ნატოს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების, მეტადრე გადამწყვეტი დემოკრატიული რეფორმების მხრივ და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ნატოს ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტში.

დოკუმენტში ალიანსის წევრი სახელმწიფოები კვლავ დაადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და მოუწოდებენ რუსეთს, "უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება; წერტილი დაუსვას ამ რეგიონების მილიტარიზაციას და მცდელობებს, რომ საზღვრის მსგავსი კონსტრუქციების აღმართვით ძალადობრივად მოწყვიტოს ისინი დანარჩენ საქართველოს“, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში, რომლის ტექსტსაც რადიო თავისუფლება საკუთარი წყაროების საშუალებით სამიტის კულუარებში გაეცნო.

სამიტის კომუნიკე საბოლოო სახით 11 ივლისს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) სხდომის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება.

რაც შეეხება უკრაინას, ალიანსს დაგეგმილი აქვს, გაწევრიანების მაგივრად, უკრაინას შესთავაზოს „უსაფრთხოების გარანტიები“, რაც ხანგრძლივ სამხედრო, ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებას გულისხმობს.

ამას გარდა, ვილნიუსში უკრაინა ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდება და იმოქმედებს უკვე არსებული ნატო-უკრაინის კომისიის განვითარებული ვარიანტი, ნატო-უკრაინის საბჭო, რომლის საინაუგურაციო სხდომას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

  • ლიეტუვის დედაქალაქში შეკრებილები პრინციპულად იმსჯელებენ ასევე იმაზე, თუ როგორი იქნება ნატოს სამომავლო სტრატეგია. წინა სამიტზე, მადრიდში, ახალი მიმართულება დაისახა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით. ამ ახალი მიმართულების არსებითი პუნქტია ნატოს შეიარაღებული ძალების 300 ათას სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდა.
  • ვილნიუსში იმსჯელებენ კონკრეტულად ე.წ. „New Force Model-ის" შესახებ. ალიანსს ექნება ასევე „რეგიონული გეგმები“ ჩრდილოეთის, სამხრეთისა და განსაკუთრებით, სამხედრო კავშირის აღმოსავლეთისთვის.
  • ვილნიუსში განხილვის საგანი იქნება ასევე ფინანსები. დღემდე მიზანი იყო, რომ ნატოს წევრ ქვეყანას თავდაცვისთვის საერთო შიდა პროდუქტის ორი პროცენტი უნდა გამოეყო. ახლა თითოეული წევრი მოვალე გახდება, მინიმუმ ორი პროცენტი დახარჯოს სამხედრო მიზნებისთვის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG