Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ცხინვალელი მოხალისე დაიღუპა


ფოტო არქივიდან: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მეომრები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.
ფოტო არქივიდან: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მეომრები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის 40 წლის მცხოვრები ხოხ ბაგაევი უკრაინაში დაიღუპა. ამის შესახებ ოსური ტელეგრამ-არხები იუწყებიან. მოხალისე მებრძოლის დაღუპვის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ივნისში ცხინვალში უკრაინიდან სამი მებრძოლი ჩამოასვენეს. ბოლოს ოკუპირებული ცხინვალის სასაფლაოზე 31 წლის აივენჰო ტეხოვი დაასაფლავეს. ის დიდი ხნის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიაში, „ირში“, ჟურნალისტად მუშაობდა, 2022 წელს კი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ომში წავიდა. იგი ჩაეწერა მოხალისეთა ბატალიონ „შტორმ-ოსეტიაში“, რომელიც დაკომპლექტებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთიდან წასული მოხალისე ჯარისკაცებით.

ღია წყაროების ინფორმაციით ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალიდან 30-ზე მეტი მებრძოლია დაღუპული. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებას ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ატყობინებენ, რომ ორი ამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზიდან სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის ომში ორჯერ გაიწვიეს.

2022 წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. გარდა საკონტრაქტო ჯარისკაცებისა, უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისე მებრძოლებიც იმყოფებიან. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1000 ჯარისკაცს შეადგენს.

XS
SM
MD
LG